TBC-ს მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო “ტელეგრაფი” გაიხსნა

თბილისის გულში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ფოსტის ისტორიულ შენობაში TBC-ის მხარდაჭერით სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ „სილქ როუდ ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა, ნონა ონიანმა და TBC-ის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ ისაუბრეს.
როგორც ნონა ონიანმა განმარტა, „ტელეგრაფი“ „სილქ როუდ ჯგუფის“ მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიის ხედვას და ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნას ემსახურება.
„ჩვენი მიზანი იყო, რესპუბლიკის მოედანი ახალ მიზიდულობის ცენტრად გადაგვექცია, როგორც ტურისტული ნაკადების მისაღებად, ისე ადგილობრივი სტუმრებისთვის. სივრცედ სადაც გათვალისწინებული იქნებოდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა სივრცეების განვითარება. სასტუმრო „ტელეგრაფი“ სწორედ ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა ონიანმა და დასძინა, რომ პროექტის არქიტექტურასა და მშენებლობას ჯგუფის შვილობილი კომპანია „სილქ დეველოპმენტი“ ხელმძღვანელობდა, ხოლო მენეჯმენტს „სილქ ჰოსპითალითი“ უზრუნველყოფს.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო უკვე ოფიციალურად გახდა The Leading Hotels of the World-ის წევრი, რომელიც 5-ვარსკვლავიანი სერვისითა და განსაკუთრებული იდენტობის მქონე სასტუმროებს აერთიანებს. ონიანის განცხადებით, „ტელეგრაფმა“ ამ უმაღლეს სტანდარტებს წარმატებით უპასუხა და მალე ასევე გახდება პირველი სასტუმრო რეგიონში, რომელსაც -ს მწვანე შენობების სერტიფიკატი (LEED) მიენიჭება.
““ტელეგრაფი” The leading hotels of the world-ის წევრი გახდა, რომელიც არა მხოლოდ „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი პარტნიორების წარმატება, არამედ ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. The leading hotels of the world არის გაერთიანება, რომელიც თავს უყრის უნიკალურ დამოუკიდებელი სასტუმროების პორტფელს, სადაც პრიორიტეტი არის 5 ვარსკვლავიანი სერვისი, გარკვეული იდენტობა შენობის და კონცეფციის. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და საზოგადოებაზე პასუხისმგებლობა. ყველა ეს კრიტერიუმი ტელეგრაფმა წარჩინებით დააკმაყოფილა.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ტელეგრაფის სასტუმრო ერთადერთი იქნება რეგიონში, რომელიც აშშ-ს მწვანე შენობების სერტიფიკატს მიიღებს. LEED სერტიფიკატს, რომელსაც ობიექტი ძალიან მალე მიიღებს“, – თქვა მან.
TBC-ის წარმომადგენლის, მერი ჩაჩანიძის თქმით, ბანკისთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ წლების წინ გაჩენილი იდეა დღეს დასრულებულ, მაღალი სტანდარტის და ისტორიის შემნახავ სივრცედ იქცა.
„ორი წლის წინ ლადო-ალექსი მესხიშვილის ნამუშევრების გამოფენას ვუმასპინძლეთ, სადაც ერთ-ერთი პროექტი სწორედ „ტელეგრაფი“ იყო. დღეს კი, ამ შენობაში ვიმყოფებით და ვხედავთ, როგორ შეიძინა ისტორიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე, თან ისე, რომ მისი ფასადი და მემკვიდრეობა სრულად შენარჩუნდა“, – აღნიშნა ჩაჩანიძემ.
მისივე თქმით, TBC მომავალშიც განაგრძობს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ერთდროულად ითვალისწინებს ქალაქის ურბანულ განვითარებას, კულტურულ მემკვიდრეობას და მაღალი დონის სერვისს.