შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც გუშინ თბს ბანკის შენობაში შეიჭრა. დაკავებულია 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ.
მას გამოძიება ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, “თი-ბი-სი” ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – წერია განცხადებაში.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.