რამდენიმე დღის წინ გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი დააანონსა, რომლის განხორციელებაც 2024 წლიდან დაიწყება. ახალი ტრანზიტულ-ლოგისტიკური აეროპორტი ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ინფრასტურქტურის მშენებლობა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყება.
რამდენად მიზანშეწონილია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება და რამდენად ამოწურა საკუთარი რესურსები უკვე მოქმედმა აეროპორტმა, ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, გიორგი მოლოდინაშვილი საუბრობს.
“ვფიქრობ, საკმაოდ ამბიციური პროექტია, რადგან ამ პერიოდში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ძალიან კომპლექსურია. დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, ვინც ამ პროცესშია ჩართული და გათავისებული აქვთ, რამდენად რთულია მისი დაგეგმარება, განხორციელება და მართვა, ამაზე ძალიან კარგად იფიქრეს.
სექტორის წარმომადგენლებს კითხვები გვაქვს, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი და როგორ ჭრილში ვხედავთ პროექტის განხორციელებას. გლობალურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან გაიზარდა აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა, რომელშიც უმსხვილესი ეკონომიკები არიან ჩართულნი. საქართველოს მიმართ მათი ინტერესის გაჩენა შემთხვევითი არ არის, თუმცა რეგიონში ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ემზადებიან აბრეშუმის გზის გააქტიურებისთვის და ინფრასტრუქტურას აშენებენ. საავიაციო სფეროს განვითარებამ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა, იქაური ბაზარი აქტიურად ვითარდება და ვფიქრობ, ახალი აეროპორტის დაანონსება დროულია, ის ხელს შეგვიწყობს, რომ განვითარების ამ ახალ ტენდენციას მომზადებულები შევხვდეთ”, – ამბობს გიორგი მოლოდინაშვილი.
იგი უკვე არსებულ აეროპორტსა და მასთან ერთად მოქმედ კერძო ბიზნესებზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, მოქმედი ობიექტი თავს რამდენიმე წელში ამოწურავს.
“ცოტა ხნის წინ გვქონდა საავიაციო კომიტეტის სხდომა, სადაც ახალი აეროპორტის საკითხზე ვიმსჯელეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი, ცალკე მდგომი პროექტი. მის გარშემო უამრავი ბიზნესია, რომლებსაც ეს თემა აღელვებთ. საჯარო სექტორიდან ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი ხედვა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბიზნესისა და მათი კოორდინაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობის პარალელურად.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს გასდის. TAV Georgia-ს მენეჯმენტის პერიოდი როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტში უმთავრდება. შესაძლებელია, ეს ხელშეკრულება გაგრძელდეს? – ეს შეთანხმების საკითხია. ვფიქრობ, მოქმედი აეროპორტი თავს რამდენიმე წელიწადში ამოწურავს. TAV-ი რეგულარულად მუშაობს გაფართოებაზე და მისი როლი არ უნდა დაკნინდეს, საერთაშორისო აეროპორტებისა და ქართული ავიაციის განვითარებაში TAV Georgia-მ ძალიან დიდი როლი შეასრულა. სავსებით შესაძლებელია, მას ახალ აეროპორტში ოპერირების ინტერესიც ჰქონდეს”, – ამბობს გიორგი მოლოდინაშვილი.
TAV Georgia ADP-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.