Tasteit-ი TechCrunch-ის მიერ შერჩეულ 200 ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპს შორის მოხვდა

Tasteit-ი TechCrunch-ის მიერ შერჩეულ 200 ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპს შორის მოხვდა.
Tasteit არის სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს.
2025 წლის Startup Battlefield-ის სია TechCrunch-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
Startup Battlefield 200-ში მოხვედრა ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და პერსპექტიული კომპანია.
Startup Battlefield-ის ალუმნები ყოველწლიურად ქმნიან ისეთ კომპანიებს, რომლებიც ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები ხდებიან, მათ შორის არიან: Dropbox, Cloudflare და Discord.
200 საუკეთესოდან 20 ფინალისტი 27 ოქტომბერს გამოვლინდება.
„TechCrunch-ის მიერ შერჩეულ 200 ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპს შორის მოხვედრა ჩვენთვის უზარმაზარი აღიარებაა. Tasteit-ი საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გადავიდა და ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ხედვა და პროდუქტი გავაცნოთ მსოფლიო ინვესტორებსა და პარტნიორებს. Startup Battlefield 200-ში მოხვედრა გვაძლევს შანსს, მოვიზიდოთ ახალი ფინანსური რესურსები და შევიდეთ ისეთ ბაზრებზე, სადაც შეიძლება, Tasteit-მა მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება, ერთმანეთს დაუკავშირდნენ გასტრონომიული გემოვნებით,“ — განაცხადა bm.ge-თან Tasteit-ის დამფუძნებელმა გიორგი ურუშაძემ.
TechCrunch Disrupt-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული სტარტაპ კონფერენცია, სადაც თავს იყრიან ინვესტორები, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპერები და მედია. Startup Battlefield 200 არის ღონისძიების ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. Startup Battlefield-ში მოსახვედრად, ყოველწლიურად ათასობით სტარტაპი აგზავნის აპლიკაციას, თუმცა ირჩევენ მხოლოდ 200 საუკეთესოს.
„საუკეთესო სტარტაპები ათასობით აპლიკაციიდან შეირჩნენ. რაც შეეხება ჯილდოს, ისინი მიიღებენ საპატიო ადგილს TechCrunch Disrupt 2025-ზე, რომელიც 27-29 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში, Moscone West-ში გაიმართება, სადაც თითოეული მათგანის პირადად გაცნობას შეძლებთ“, – წერს TechCrunch-ი.
შერჩეული კომპანიები იღებენ შესაძლებლობას:
– საკუთარი პროდუქტი ან სერვისი წარადგინონ სან-ფრანცისკოში.
– შეხვდნენ საერთაშორისო ინვესტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს.
– მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში (TechCrunch-ს გლობალურად უდიდესი აუდიტორია ჰყავს).
აქვთ შანსი, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ „დიდი მოთამაშეები“ ტექნოლოგიურ სფეროში.
ცნობისთვის: Tasteit-ი გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთი გაიცნონ ყოველგვარი სტრესისა და უხერხულობის გარეშე. სამყაროში, რომელიც მარტოობის პანდემიას ებრძვის, Tasteit-ი ცვლის გაცნობის/სოციალური ქსელების მუშაობის პრინციპს – ადამიანებს შორის ღრმა და ღირებული კავშირების დასამყარებლად, მედიუმად იყენებს საჭმელს. საჭმელების მოწონებით ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს და გეგმავენ, სად და როდის მიირთვან კერძი, რომელმაც აპლიკაციაში ერთმანეთს დააკავშირა.
Tasteit საქართველოში 2 წლის წინ გაეშვა; მოგვიანებით კი ბერლინისა და ნიუ-იორკის ბაზრებზეც გავიდა. სტარტაპს ამ დროისთვის 200 000 ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს მიღებული, რომელიც მოიცავს როგორც გრანტებს, ისე – ინვესტიციებს.
Tasteit პირველად, მხოლოდ იდეით, გამოჩნდა სატელევიზიო პროექტში „შარქ თენქ საქართველო”, სადაც 100 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა. მოგვიანებით გაიმარჯვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში. წელს გახდა TBC Business Awards-ისა და WSA Global Award, Startup World Cup Regional-ის გამარჯვებული. ოქტომბერში Tasteit-ის გუნდი კალიფორნიაში, სილიკონ ველზე გაემგზავრება და მსოფლიოს უმსხვილეს ფონდებსა და ინვესტორებს გააცნობს თავს.