“Starbucks-თან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ლოკაციები შერჩეულია და განიხილება რამდენიმე ქალაქი” – მიხეილ ხიდურელი

Starbucks-თან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში ვართ. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ლოკაციებიც შერჩეულია და განიხილება რამდენიმე ქალაქი, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საკითხი კომპლექსურ შეფასებას ეფუძნება და პროცესში აქტიურად ფასდება ქვეყნის ბაზრის პოტენციალი.
“Starbucks-ს მხოლოდ სტამბოლში 500 მაღაზია აქვს. ჩვენ კოვიდის დროსაც გვქონდა კომუნიკაცია და ფაქტობრივად, შევთანხმდით ლოკაციებზე და კადრების მოძიებაც დაწყებული იყო, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს საკითხი დაპაუზდა. ამის შემდეგ როდესაც ჩვენი ელჩი წავიდა ქუვეითში ჩვენ მოვუყევით ეს ისტორია და აღნიშნული თემა მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნდა.
ეს არ არის დიდი ფინანსური ინვესტიცია, ეს არის ბრენდის ინვესტიცია. ამ ადამიანებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, იციან რა ინდიკატორები შეამოწმონ. ჩამოდიან, ეძებენ პარტნიორებს. ისინი შეხვდნენ ლოგისტიკურ კომპანიებს, ასევე პარტნიორებს და ისინი ხედავენ დიდ მსყიდველუნარიანობას და ძალიან აქტიურ ურბანულ განვითარებასაც. დღეს საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელიც 15 წლის წინ იყო, ამიტომ მთავარია ეს ადამიანები აქ ჩამოვიდნენ. ნახეს ჩვენი ყავის სმის კულტურა და სხვა ყავის მაღაზიებიც და ჯერჯერობით პოზიტიური გადაწყვეტილება აქვთ, რომ აინტერესებთ ჩვენთან შემოსვლა”, – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან Starbucks-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.