SpaceX-მა კოსმოსში ხუთდღიანი კერძო მისია Polaris Dawn-ი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ კოსმოსში ხუთდღიანი კერძო მისია Polaris Dawn-ი გაუშვა. Crew Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი აპარატი, რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.
Crew Dragon-ის სამოქალაქო ეკიპაჟში შედიან მისიის მეთაური, მილიარდერი მეწარმე ჯარედ აიზეკმენი, ასევე ყოფილი სამხედრო პილოტი სკოტ პოტიტი და SpaceX-ის ორი თანამშრომელი.
ეს არის Crew Dragon-ის მეხუთე – და ყველაზე სარისკო – კერძო მისია. გეგმის მიხედვით, კოსმოსური ხომალდი დედამიწას 1400 კმ-მდე მანძილზე დაშორდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტიდან ასე შორს ადამიანი მთვარის პროგრამა Apollo-ს შემდეგ (1972 წელი) არ ყოფილა.
Polaris Dawn-ის მისია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო პირებს ღია კოსმოსში გასვლის შესაძლებლობა პირველად ექნებათ.
ცნობისთვის, Polaris Dawn-ის კერძო კოსმოსური მისიის მეთაური ჯარედ აიზეკმენი, ამერიკული Forbes-ის ბოლო მონაცემებით, 1.8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. შედეგად, ის მილიარდერების რეიტინგში 1800-ე ადგილს იკავებს.
აიზეკმენი გადახდების ფირმა Shift4 Payments-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, მისი დაარსებულია Draken International-ი, თავდაცვის კომპანია, რომელიც საჰაერო ძალების პილოტებს ამზადებს და მსოფლიოში სამხედრო თვითმფრინავების ყველაზე დიდ კერძო ფლოტს ფლობს.
forbes.ge