საქართველოში მოქმედი პირველი ნეობანკი Space საქართველოს ბაზრიდან გადის და საერთაშორისო ბაზარზე ინაცვლებს. შესაბამის ინფორმაციას კომპანიის Facebook და ვებგვერდზე ვრცელდება.
„სფეისის მისია საქართველოში შესრულებულია.
თითქმის 6 წელი გავიდა საქართველოში პირველი ნეობანკის გამოჩენიდან. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც უარი ვთქვით ტრადიციულ საბანკო მიდგომებზე, ფილიალებზე და რიგებზე. მაქსიმალურად ვეცადეთ თქვენი ცხოვრება გაგვემარტივებინა ინოვაციური პროდუქტებითა და მიდგომებით.
სფეისელების გარეშე მისია ვერ შესრულდებოდა, მადლობა, რომ კოსმიურ მოგზაურობაში გამოგვყევით.
თვალი ადევნე სფეისის გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე Space International“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია საქართველოს ბაზრიდან საერთაშორისო არენაზე გასვლის შესახებ დეტალურ განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.
„თიბისი ჯგუფი საერთაშორისო ექსპანსიას აძლიერებს. ახალი მიზნებიდან და შორს მიმავალი გეგმებიდან გამომდინარე, სფეისი, რომელიც საქართველოში პირველი ციფრული ნეობანკია, საქართველოს ბაზარს ტოვებს და მთელს რესურსს საერთაშორისო განვითრებისაკენ მიმართავს.
2018 წელს თიბისი ჯგუფმა პირველი, სრულად ციფრული ბანკი გაუშვა საქართველოში, რომელმაც შეცვალა საბანკო მომსახურების ტრადიციული მიდგომები. სფეის საქართველო იქცა ერთგვარ ტრამპლინად თიბისი ჯგუფის ციფრული ბანკინგის პროდუქტებისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად. სფეისიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე, თიბისი ჯგუფი წარმატებით შევიდა და გაფართოვდა უზბეკეთის ბაზარზე და ეს მოგზაურობა აქ არ მთავრდება. მომდევნო წლებში, სფეისის საერთაშორისო ნეობანკი სხვა ქვეყნებშიც იქცევა თიბისი ჯგუფის გაფართოების მნიშვნელოვან პლატფორმად.
სფეისმა სრულად შეცვლა მომხმარებლის ქცევა. ბანკი, რომელსაც არ აქვს ფილიალები, იმას ნიშნავდა, რომ სფეისის ნებისმიერი პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომი იყო დისტანციურად, სახლიდან გასვლის გარეშე. სფეისმა პირველმა შემოიტანა ისეთი სიახლეები ბაზარზე, როგორიცაა დისტანციური ვერიფიკაცია და ანგარიშის გახსნა, მყისიერი გადარიცხვები ნებისმიერ ქართულ ბანკში 24/7-ზე, სესხის აღება ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა მომხმარებელს არ ჰქონდა სფეისში საკრედიტო ისტორია ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.
სფეისის კონცეფცია თავიდანვე ითვალისწინებდა იმას, რომ მაქსიმალურად მორგებული უნდა ყოფილიყო მომხმარებლებზე და მიზნად ისახავდა ყველაზე მარტივ, გამჭვირვალე და მყისიერ ყოველდღიურ ფინანსური სერვისების მიწოდებას. სფეისში არსებული კულტურა და ღირებულებები სრულად გადაეცემა სფეის ინთერნეიშენალს, რომელიც 2020 წლიდან, სფეის აპლიკაციიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქმნის საერთაშორისო საბანკო პლატფორმას. სწორედ, სფეის ინთერნეიშენალის ტექნოლოგიებისა და სერვისების მეშვეობით ოპერირებს ციფრული ბანკი უზბეკეთში თიბისი უზბეკეთის სახელით. კითხვაზე „რატომ უზბეკეთი?“ – პასუხი ისაა, რომ უზბეკეთში გადახდების, სმარტფონებისა და ინტერნეტის ფართო გამოყენებამ, შექმნა იდეალური გარემო ციფრული ბანკინგის განვითარებისთვის. საბანკო ბაზრის მოდერნიზაციის აუცილებლობის გაცნობიერებით, თიბისი ბანკი წარმატებით გახდა უზბეკეთის ფინანსური ლანდშაფტის ნაწილი.
გამომდინარე იქიდან, რომ სფეისი საქართველოს ბაზრიდან, საერთაშორისო ბაზარზე ინაცვლებს, მომხმარებლები სფეის აპლიკაციით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ და შეუფერხებლად განაგრძობენ თიბისიში იმ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობას, რომლებსაც მანამდე სფეისში იყენებდნენ“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.