SOVLAB საპატრიარქოს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” (SOVLAB) სტალინის “განმადიდებელი შინაარსის შემცველი” ხატის – “წმინდა მატრონა მოსკოველი აკურთხებს სტალინს” – ქართული ვერსიის სამების საკათედრო ტაძარში განთავსებას გმობს და ამბობს, რომ ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს შეურაცხყოფს.
ამას გარდა, SOVLAB საპატრიარქოს მოუწოდებს მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით და თუკი დამოკიდებულება უარყოფითია, უზრუნველყოს სამების საკათედრო ტაძრიდან მისი გატანა.
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას” განსაკუთრებით პრობლემურად მიაჩნია საშობაო ლიტურგიისას ამ ხატის განთავსების სივრცეში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების რეაქციის გარეშე დგომა, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა რეაგირებდნენ.
“საქართველოს საბჭოთა ს მიერ ოკუპირების (რომლის ინიციატორიც სწორედ იოსებ სტალინი იყო) 103 წლისთავამდე სულ მცირე ხნით ადრე ამ ხატის სამების ტაძარში არსებობა საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაცაა. იოსებ სტალინის მმართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის უმეტესწილად – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და ათასობით მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს. მთელს სსრკ-ში სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 80,000 სასულიერო პირი და მილიონამდე მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური რწმენისთვის. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით. თუკი დამოკიდებულება უარყოფითია, მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს უზრუნველყოს აღნიშნული ხატის შემომწირველთათვის დაბრუნება და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანა. განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია, საშობაო ლიტურგიისას ამ ხატის განთავსების სივრცეში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების, რეაქციის გარეშე დგომა, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენენ და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. თავისუფლების ქარტია) უნდა რეაგირებდნენ საჯარო სივრცეში ტოტალიტარული სიმბოლოების გამოფენაზე და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორის და მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რაც საბჭოური და ნაცისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო სივრცეში დემონსტრირების აღკვეთაში მდგომარეობს,” – ნათქვამია SOVLAB-ის განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
· სტალინის გამოსახულება სამების ტაძარში | საპატრიარქოს რუსული ხელწერა