SoftBank-მა ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Nvidia-ში საკუთარი წილი მთლიანად გაასხვისა, რათა OpenAI-ში ინვესტიცია დააფინანსოს. ამ ნაბიჯმა კი სამშაბათს, სავაჭრო სესიის გახსნისას, Nvidia-ს აქციების ფასის შემცირება გამოიწვია.
გუშინ Nvidia-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 2%-ით დაეცა და 194.60 დოლარამდე ჩამოვიდა. შეგახსენებთ, ჩიპების მწარმოებელმა წინა სავაჭრო დღეს 5.7%-იანი ზრდა აჩვენა.
SoftBank-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ Nvidia-ს 32.1 მილიონი აქცია მთლიანობაში 5.83 მილიარდ დოლარად ოქტომბერში გაყიდა. ამასთანავე, SoftBank-მაგანაცხადა, რომ ასევე გაყიდა T-Mobile-ის 40.2 მილიონი აქციაც.
SoftBank-ის ფინანსურმა დირექტორმა იოშიმიცუ გოტომ განმარტა, რომ Nvidia-ს აქციების გაყიდვა OpenAI-ში კომპანიის მსხვილ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. „ჩვენ ვგეგმავთ 30 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას, რის დასაფინანსებლადაც აუცილებელია, არსებული პორტფელის ნაწილი გავასხვისოთ,“ – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, SoftBank-მა Nvidia-ს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები 2017 წელს შეიძინა და 2019-ში გაყიდა, რითაც 3.3 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. თუმცა კომპანიის დამფუძნებელმა მასაიოში სონმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. სონმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს Arm-ის შესყიდვის შემდეგ, მას Nvidia-ს შესყიდვაც სურდა და ამის შესახებ ჩიპების მწარმოებლის აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგს პირადად ესაუბრა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მასაიოში სონის ქონება ამჟამად 72.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს 26-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს. სონი ზედამხედველობს SoftBank-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში, მათ შორის 500 მილიარდ დოლარად შეფასებულ Stargate-ის პროექტს, რომელიც OpenAI-ის, Oracle-ისა და MGX-ის პარტნიორობით აშშ-ში AI-ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება Nvidia-ს CEO-ს, ჯენსენ ჰუანგი მსოფლიოში მე-8 ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 172.2 მილიარდ დოლარს აღწევს. ჰუანგის სიმდიდრე 2019 წლის $3.8 მილიარდიდან 2024 წლისთვის $77 მილიარდამდე გაიზარდა და 2025 წელს 100 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბა.
SoftBank-მა Nvidia-ში წილის ხელახლა დაგროვება 2019 წლის გაყიდვის შემდეგ დაიწყო და წელს განაცხადა, რომ 30 მილიონზე მეტ აქციას ფლობდა. იაპონურმა გიგანტმა ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები გაზარდა, მათ შორის OpenAI-ში, რომელიც Stargate-ის ინიციატივის ფარგლებში აშშ-ში ხუთ ახალ მონაცემთა ცენტრს აშენებს. SoftBank-მა ასევე შეიძინა წილები Taiwan Semiconductor Manufacturing Company-სა და Oracle-ში და ოქტომბერში ABB-ის რობოტიკის ბიზნესის შესაძენად 5.4 მილიარდ დოლარად შეფასებული შეთანხმება გააფორმა, რაც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის გაერთიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს.
Nvidia-ს სწრაფი ზრდა კი ბოლო წლებში AI-ის მიმართ მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. ის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით ჯერ $4-ტრილიონიანი, შემდეგ კი $5-ტრილიონიანი ნიშნული გადალახა.




