SME-ბიზნესის მხრიდან დაკრედიტებაზე მოთხოვნა გაზრდილი არ არის, თუმცა განაცხადები არის – ამის შესახებ „პროკრედიტ ბანკი – საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ ბანკებისა და ბიზნესის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა.
მან დარგების მიხედვით ისაუბრა დაკრედიტებაზე – რომელ სექტორში როგორია აქტივობა და დაფინანსება. ალექსი მატუა აღნიშნავს: „ბიზნესი იმის მიხედვით ოპერირებს, რა რეალობაშიც არის. რა იქნება მომავალში, მომავალი გვანახებს“.
მისი ინფორმაციით, სესხებზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ დარგში, თუმცა აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოსთან ერთობლივი შეთავაზებები იქნება.
„ჰორეკა სექტორში შარშანდელი წელი მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, მაგრამ საკითხავია, თუ რა იქნება შემდეგში. სტაბილურ მდგომარეობაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, არასტაბილურში ნაკლებად მზარდი. შესაბამისად, დაფინანსების აპეტიტიც განისაზღვრება იმით, თუ რა ტიპის შემოდინება იქნება ტურიზმში.
სოფლის მეურნეობის კუთხით საკმაოდ კარგი ინიციატივებია სახელმწიფოს მხრიდანაც და ასევე ბანკების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ერთობლივი პროექტები გააქტიურდება უფრო მეტად, ვიდრე ეს აქამდე იყო, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უკეთესი პირობებითაც“, – განაცხადა მატუამ.
„პროკრედიტ ბანკი – საქართველოს“ გენერალური დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მსხვილმა ბანკებმა უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტება იმიტომ შეანელეს, რომ სასესხო პორტფელში დარგის კონცენტრაცია მაღალი იყო, რამაც „პროკრედიტ ბანკი – საქართველოს“ სასესხო პორტფელში ამ დარგის გააქტიურება განაპირობა.
„ბოლო წლებში დაფინანსების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მე ვიცი, დიდ ბანკებში სესხების კონცენტრაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო და შესაბამისად, ბანკების მიერ გარკვეული ტიპის ახალი პროექტების დაფინანსება შედარებით ფრთხილად შეფასდა, რამაც ჩვენს ბანკში ამ პროექტების განაცხადების რაოდენობის ზრდა განაპირობა. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ დაფინანსება ამ მიმართულებითაც უფრო მეტად მიგვემართა“, – განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ზოგადად, აქამდე, „პროკრედიტ ბანკი – საქართველო“ სამშენებლო სექტორში აქტიურად წარმოდგენილი არ იყო.
