საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) Skillwill-ს ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსის გახსნასა და სტრატეგიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
პროექტი, რომლის ნაწილია Skillwill-ის მიერ გახსნილი ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსი, მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური გიგანტის, Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პარტნიორობა გულისხმობს აქტიურ შინაარსობრივ ჩართულობასაც: Tether-ის წამყვანი ექსპერტები ქართველ სტუდენტებს გლობალურ გამოცდილებას ვორქშოფების, შეხვედრებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მეშვეობით გაუზიარებენ.
ამ ეტაპზე Skillwill-ის კოლეჯი უკვე წარმატებით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 25 ნოემბერს სწავლა 1,350-მა სტუდენტმა დაიწყო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და კომპიუტერული ქსელების კუთხით.
Skillwill-ის გაფართოების 2-წლიანი გეგმა არსებული კამპუსების გარდა, ახალი სასწავლო დაწესებულებების გახსნას ითვალისწინებს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ახალციხე, სამტრედია და ლანჩხუთი. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით Skillwill-ის 12 კოლეჯი იფუნქციონირებს (მათ შორის 10 ახალი), რაც ყოველწლიურად 10,000 სტუდენტის გადამზადებას უზრუნველყოფს. სწავლება ჩატარდება 9 რეგიონულ ცენტრში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური დასწრების რეჟიმში. ყველა კოლეჯი აღჭურვილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.
აღნიშნული თანამშრომლობა და Skillwill-ის განახლებული სასწავლო გეგმა მოიცავს 10 ახალ პროფესიულ პროგრამას 13 სტრატეგიულ და მაღალმოთხოვნად ტექნოლოგიურ სფეროში, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI Development), ბლოკჩეინი (Blockchain Development), მონაცემთა ინჟინერია (Data Engineering) და სხვა.
„პროფესიული კოლეჯი Skillwill-ი, რომლის უმთავრესი მიზანი ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში. ინიციატივა ემსახურება 21-ე საუკუნის პროფესიების განვითარებასა და ქართველი ტექ-პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შესაძლებლობების შექმნას. თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. სწორედ ამ მიზნით, Skillwill-ი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე,“ —განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „სქილვილს“ ამ მასშტაბური პროექტის დაწყებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს, როდესაც ITC სექტორი გლობალურად და საქართველოშიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება, კრიტიკულად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე. Skillwill-ის ინიციატივა პირდაპირ პასუხობს ბაზრის საჭიროებას, რაც ITC სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს,“ — განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.




