“ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა” (SJP) “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” საქმეს ეხმაურება – ინფორმაცია ამის შესახებ თავად “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
SJP აღნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არხის სარედაქციო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ემუქრება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მენეჯმენტს “მცველების” საქმის პროკურატურისთვის გადაცემა შესთავაზა.
“მაღლაფერიძის მტკიცებით, აღნიშნული სიტუაცია შესაძლოა ასახავდეს პირად, პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ასევე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას. მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ფულადი სარგებლის მიღების ან პოლიტიკური მიზნების განხორციელების მოტივაცია, ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ”.
SJP სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებზეც აკეთებს აქცენტს, და აღნიშნავს, რომ მაღლაფერიძე, რომელიც 6 წლის ვადით აირჩიეს, ერთადერთი კანდიდატი იყო.
“იმ ჟურნალისტებს, ვისაც სამართლებრივი ზომებით ემუქრებოდნენ, არ მიეცათ სხდომაზე დასწრების უფლება. მაღლაფერიძემ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რატომ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დისკრედიტაცია და მათზე ზეწოლა”.
SJP ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან ჩამოშორების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთ განგაშის სიგნალს წარმოადგენს პლატფორმაზე.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში წარმოადგენს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ინსტრუმენტს და ზღუდავს იმ ჟურნალისტების მუშაობას, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლად გააშუქონ მოვლენები პოლიტიკური გავლენის გარეშე,” – “ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა” “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა” და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
განგაშის სიგნალი ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან იგზავნება და ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ საფრთხეებს ეხმიანება.