სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებების დამცველების, აქტივისტებისა და ფონდების წარმომადგენლების სახლებში დღეს ჩატარებულ ჩხრეკას განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფონდების დაყადაღების შემდეგ, მათი ხელმძღვანელი პირების და აქტივისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა მოქალაქეების სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი აგრესიული აქტია, რომელიც პროტესტის მონაწილეების დაშინებასა და ტერორს ემსახურება.
SJC-ს თანახმად, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო აქტივისტების სახლებიდან ყოველთვის ხორციელდება ელექტრონულ მოწყობილობების ამოღება. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქამდე, არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.
“მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის მექანიზმები თვითნებურად, მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად გამოიყენება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო პოზიციის გამო მოქალაქეებზე ზეწოლისა და აქტივიზმში ხელშეშლის მკაფიო ნიშნებს შეიცავს და მათი საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების მიზნებს ემსახურება. მიმდინარე გამოძიება კი ქართული ოცნების მიერ რეპრესიებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გაგრძელებაა”, – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, შეწყვიტონ სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართულ პირებზე ზეწოლისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პოლიტიზების უკანონო პრაქტიკა.
განცხადება სრულად
