SJC სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება განაახლოს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას, ასევე, ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.
ორგანიზაციაში მიუთითებენ ადამიანის ევროპული სასამართლოს 19 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.
SJC-ის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა, მათ შორის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ჩხრეკა და ამოღება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე – ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა.
მათი განცხადებით, სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე. სწორედ ამ ნაწილში 2023 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, 2023 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა – თუმცა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საჩივარი 2023 წლის 22 მაისს დაუშვებლად ცნო.
“აღნიშნული პროცესის შემდეგ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს. კომიტეტმა მაჩალიკაშვილების საქმე საქართველოს წინააღმდეგ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ჯგუფში (ცინცაბაძის ჯგუფი) გააერთიანა და მასზე გაძლიერებული ზედამხედველობა დაიწყო.
აღნიშნულის შემდეგ, 2023 წლის 23 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა წერილობითი ანგარიში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების თაობაზე. ცხადია, რომ საქმის აღსრულების ინდივიდუალურ ღონისძიებებს შორის ჩვენი არსებითი მოთხოვნა, ეროვნულ დონეზე გამოძიების ხელახალ დაწყებას უკავშირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მინისტრთა კომიტეტის წინაშე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს სისტემური ინსტიტუციური ცვლილებების გატარებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის შემდეგი მიმართულებებით:
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სპეციალური ოპერაციების ჩატარების დროს;
· გამოძიების მსვლელობისას დაზარალებული პირებისთვის და მათი ადვოკატებისთვის საიდუმლო მასალების წვდომასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა;
· დაზარალებული პირების საპროცესო უფლებების ჯეროვანი რეალიზაცია, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სტანდარტის ბუნდოვანი და ნაკლოვანი სამართლებრივი პრაქტიკის ცვლილება;
· სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შემთხვევებზე სახელმწიფოს სისტემური გულგრილობის ნეგატიური პრაქტიკის შეცვლა.
· მინისტრთა კომიტეტის წინაშე საქმის აღსრულების პროცესის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს ასევე მოუწევს ანგარიშის წარდგენა. მინისტრთა კომიტეტის შეფასებები საქმის აღსრულების მდგომარეობაზე გაზაფხულის საკომიტეტო მოსმენაზე გახდება ცნობილი.
სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ფარგლებში, ეროვნულზე დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების განახლების მოთხოვნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ორგანიზაციის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული უწყებაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიებაზე.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიმართვის შემდგომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყებაზე ფორმალურად არ განაცხადა უარი, წერილობით გაგვიზიარა სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი განმარტება, რომ უწყება შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაივლის კონსულტაციას მინისტრთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაგეგმვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტის პროცედურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებთან რაიმე სახის კონსულტაციის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და სახელმწიფოს თავად უწევს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ზომების მიღება, რომლის ეფექტიანობასა და ჯეროვანობას შემდეგ სწორედ მინისტრთა კომიტეტი აფასებს.
აღნიშნულ საკითხზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი ჩვენი განმეორებითი განმარტებების მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სამსახურმა ისევ მსგავსი, ბუნდოვანი და პრობლემური პასუხი გაგვცა”, – ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეს პოზიცია საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას უფრო ჰგავს. მათი შეფასებით, გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები დროის შემდეგ სათანადოდ ვეღარ ჩატარდეს და საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გართულდეს.
ამასთან, SJC-ის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამგვარი მიდგომა ზოგადად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურების არასათანადო გაგებას აჩვენებს და ამ ახალი უწყების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
· დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში;
· დროულად უზრუნველყოს რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, უპირველესად კი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.
***
2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ამას წინ უძღოდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ახმედ ჩატაევმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.
სუს-ის მტკიცებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან. უწყება ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რის გამოც სპეცრაზმელმა “პროპორციული ძალა” გამოიყენა და მას ესროლა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას უარყოფდა და აცხადებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა, რის გამოც მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს მართავდა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში, სუს-ის თანამშრომლის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, თუმცა 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ “თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, რის გამოც, სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და “აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე” განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.