სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წერს, რომ პოლიციაში გაზრდილია მიზოგინიური და სექსისტური კულტურა და ენა.
ორგანიზაციის თანახმად, მშვიდობიან პროტექსტში ჩართული ქალების დევნამ და სექსიზმმა მძიმე ფორმები მიიღო და პოლიციაში რეპრესიული პრაქტიკების მიღმა, მიზოგინიური კულტურის გაძლიერებაზე მიანიშნებს.
SJC წერს, რომ ბოლო კვირებში სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე ქალები უფრო მეტად გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი ძალოვნების სამიზნეები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოყოფს შემთხვევებს, როდესაც პოლიცია აქტიურად იყენებდა შეკრების მონაწილე ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარასა და სექსისტურ ენას. ასევე, საუბრობს ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე ჩხრეკის, დაკავების და სხვა საპროცესო მოქმედებების დროს. ანგარიშში ასევე საუბარია ქალების მრავალჯერადი დასჯის მაგალითებზე.
ანგარიში სრულად
“ამდენად აშკარაა, რომ პოლიციის რეპრესია და თვითნებობა ასევე გავლენას ახდენს ქალი აქტივისტების უსაფთხოებაზე, ღირსებასა და თავისუფლებას და ბოლო პერიოდში მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები მკაცრი და სასტიკი გახდა ქალების მიმართაც. უფრო მეტიც, ქალების მიმართ მუქარის, დევნის და მათ მიმართ სხვადასხვა პროცედურების გამოყენებას თან ახლავს სექსისტური და მიზოგინიური კონტექსტი და ამგვარი ენის გამოყენება პოლიციელების მხრიდან.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ავტორიტარული მმართველობის სტრუქტურები ხშირად ეფუძნება პატრიარქალურ პრინციპებს: ძალაუფლების ვერტიკალური კონცენტრაცია, მორჩილების მოთხოვნა, ძალადობაზე დაფუძნებული იერარქიები. ისტორიულად, ქალების საჯარო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ყოველთვის არყევდა პატრიარქალურ წესრიგსა და ნორმებს, ქალის როლისა და ადგილის შესახებ ტრადიციულ, დომინანტურ აღქმებს.შესაბამისად, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ქალების წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტინქტი. პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობის მუქარა, დამცირება და ღირსების შელახვა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია – ეს არის არა უბრალოდ ძალაუფლების დემონსტრირება, არამედ ქალის საჯარო სივრციდან განდევნის მცდელობა.
ზოგადად, საჯარო სივრცეში აქტიური ქალების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სექსიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება არ არის უცხო ქართული კონტექსტისთვის. ეს ყველაფერი ქალების დაშინებას, მათი ხმების ჩახშობას, გაჩუმებას ისახავს მიზნად. წინა წლებშიც, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური ენის გამოყენების უმძიმეს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, რაც მტრულ გარემოს ქმნიდა მათთვის. თბილისი მოლთან გამართული აქციის შემდეგაც, ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პროტესტში აქტიურად მონაწილე ქალებზე განაცხადა, “პროტესტში განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები აქტიურობენ. რა ფენომენია არ ვიცი. არცერთი მამაკაცი მსგავსს არ კადრულობს, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა ქალი.”
ზოგადად, დემოკრატიის ეროზიის პასუხად აღმოცენებულ წინააღმდეგობის მოძრაობებში ქალები აქტიურად არიან ჩაბმული, ავტოკრატიულ რეჟიმებს კი ქალების მორჩილი სხეულები სჭირდებათ. მსგავსი რეჟიმები ცდილობენ პატრიარქალური რწმენებისა და გენდერულად მკაცრად სეგრეგირებული როლების განმტკიცებას (მაგ.ოჯახის სიწმინდის განმტკიცების ნარატივის წინწამოწევა). “ქართული ოცნების” მსგავსი ავტოკრატიები ქალების აქტივიზმს ემტერებიან, ვინაიდან ის არსებულ სტატუს-კვოს, რეჟიმის სიხარბეს, მმართველი ელიტების ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას უპირისპირდება. მსგავსი რეჟიმები აქტივიზმისთვის გადამწყვეტ ინსტრუმენტებს – სიტყვის და შეკრების თავისუფლებებს ზღუდავენ, ხოლო აქტივისტი ქალები, რომლებიც სამართლიანობისთვის, გენდერული თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ზოგადად, პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძვიან, ხშირად დაშინების, პატიმრობის, ცენზურის და ძალადობის სამიზნე ხდებიან. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვა, რომ ავტორიტარიზმის პირობებში ქალის სხეული არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ველად იქცევა. სექსუალური მუქარა, ფიზიკური ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული აქტივისტი ქალების დასჯას, არამედ მთელ საზოგადოებაში შიშის დათესვას. ეს მექანიზმი პატრიარქატის ძირეულ ლოგიკას მიჰყვება, რომ ქალის სხეული უნდა დარჩეს კონტროლქვეშ, მისი აგენტობა უნდა დასუსტდეს და, მისი ხმა დაიკარგოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია თანამედროვე პოპულისტური პარტიებისთვის, რომლებიც ანტიფემინიზმს ავტორიტარიზმის იდეოლოგიურ იარაღად იყენებენ. საქართველოს პატრიარქალურ სოციალურ სისტემაში, მამაკაცების ხელშია ძალაუფლება. პოლიტიკური ცხოვრება მასკულინური ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისადაა მოწყობილი. პოლიტიკურ არენაზე კაცები დომინირებენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს კაცები იღებენ. ქართული ოცნების რეჟიმის კაცები განსაზღვრავენ პოლიტიკური თამაშის წესებს. მათი პოლიტიკა ,,მოგებულთა და წაგებულთა” იდეას, კონკურენციას, აგრესიას, დომინირებასა და დაპირისპირებას ეფუძნება, ხოლო თანამშრომლობის, კონსესუსის, მხარდაჭერისა და ზრუნვის ეთიკა გაუფასურებულია. ამ სივრციდან, ქალები/ქალურობა განდევნილია, ქალებს აქ მეტწილად დეკორაციის ფუნქცია აქვთ და მეორე ხარისხოვან როლს ასრულებენ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა “ქართული ოცნების” პარტიაში, სადაც აშკარაა კაცების დომინირება და ქალები რაოდენობაც და წარმომადგენლობაც პარტიისა და შესაბამის ინსტიტუტების დონეზე მკვეთრად შემცირებულია.
მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობის სტრუქტურა და გამოცდილება კი გვიჩვენებს. პროტესტში მონაწილე ჯგუფებისა თუ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა, როგორც ღირებულება. ‘ქართული ოცნების’ რეჟიმთან უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ქალები, რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი სხეულებით, თანამებრძოლებთან ერთად, პრინციპულობის, არდანებების, და ამასთან ერთმანეთზე ზრუნვისა და მხარდაჭერის უნიკალურ გამოცდილებებს ქმნიან. როგორც ჩანს ქალების ეს წინააღმდეგობა რეჟიმისთვის სულ უფრო მწვავე ხდება, რის გამოც ის ცდილობს ქალების უკმაყოფილება ჩაახშოს არა მხოლოდ საპოლიციო რეპრესიით, არამე ქალების წინააღმდეგობის დელეგიტიმაცია მოახდინოს და მათზე, როგორც ქალებზე მიიტანოს სექსუალიზებული ძალადობის და სიძულვილის ენის იერიში და პროტესტი მათთვის ნაკლებად უსაფრთხო გახადონ”, – ვკითხულობთ SJC-ს ანგარიშში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/v1sxwjjz27b1zcx-Kj6e2p-300x169.jpeg)