SJC-მა იუსტიციის სამინისტროს 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე სასამართლოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების – ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
SJC განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
“სააგენტოდან გათავისუფლებული ნინო ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2011 წლიდან მუშაობდა. 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2021 წლიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ნათია ალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა და 2022 წლიდან ის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის პოზიციას იკავებდა.
მორის (კობა) ბარამია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა. 2020 წლიდან ის სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საჯარო მოხელეებმა 2024 წლის 31 დეკემბერს სააგენტოსთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმეს. იმავე დღეს, არასამუშაო საათებში, ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში მიიღეს შეტყობინება, რომ სააგენტო მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ გეგმავდა და ისინი 2025 წლის 31 იანვრიდან დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდებოდნენ.
ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია, სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებული შევიწროების და მტრული დამოკიდებულების სამიზნე მას შემდეგ გახდენენ, რაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ამ პროცესებამდეც, ისინი, პერიოდულად, სააგენტოს ხელმძღვანელი პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდნენ, რომლებიც მათი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებს ცდებოდა და მმართველი პარტიის მხარდაჭერას გულისხმობდა, მათ შორის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკის მხარდამჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში საჯაროდ გავრცელების თხოვნას. მსგავსი შინაარსის დავალებების გაცემა კიდევ უფრო გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო ს წინარე პერიოდში. მათ შორის “ოცნების” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისა და სხვა თანამშრომლებისთვის მოწოდების შესახებ.
ნინო ტყეშელაშვილი და ნათია ალიაშვილი არაერთხელ გახდნენ შევიწროების მსხვერპლი. სააგენტოს უფროსმა ისინი რამდენჯერმე დაიბარა და მიანიშნა, რომ ეს პროცესი მათთვის ცუდად დასრულდებოდა. ასევე აღნიშნა, რომ იცოდნენ ყველა, ვინც აქციებში მონაწილეობდა და მათ ქმედებებს აკვირდებოდნენ. მისი შეფასებით, პეტიციაზე ხელმოწერა “მთავრობის ღალატი” იყო და მათ კარიერაზე უარყოფითად აისახებოდა.
ზეწოლაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრის კურატორი მოადგილეც, რომელიც საჯარო მოხელეების ხელმოწერილ პეტიციებს “ვირთხულ ქმედებებს” უწოდებდა და აცხადებდა, რომ სახელმწიფო კანონით შესაბამის რეაგირებას მოახდენდა”, – წერია ინფორმაციაში.