SJC-ის შეფასებით, თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 18 იანვარს, თემქის პოლიციის შენობასთან დემონსტრანტები არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. ორგანიზაცია -ს მოუწოდებს, დროულად გაათავისუფლონ ისინი, ასევე, საზოგადოებას მიწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა. როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაკავების წინაპირობებზეც. მართალია, მათ პოლიციამ მოუწოდა, არ დაეფარათ სახე, რასაც ისინი მიზანმიმართულად არ დაემორჩილნენ, თუმცა, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში განმარტავენ, რეპრესიულ კანონზე შეწინააღმდეგება აქციის არსებითი მიზანი იყო, შესაბამისად – შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ნაწილი.
ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ დემონსტრანტებმა პოლიციელებს მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და სახე მხოლოდ ამის შემდეგ, სიმბოლურად დაიფარეს.
“როგორც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მარშის მონაწილეებს პოლიციამ მათ იდენტიფიცირების მიზნით ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. მოქალაქეებმა პოლიციას საკუთარი თავის იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და რამდენიმე წუთით ნიღაბი მოიხსნეს, თუმცა შსს-ის წარმომადგენლებმა ისინი მაინც დააკავეს. მომიტინგეების დაკავებას წინ უსწრებდა მოქალაქეების შეძახილი, რომ ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პოლიციურ რეჟიმს. აღსანიშნავია, რომ ნიღბების გამოყენება, ისევე როგორც დაუმორჩილებლობების შეძახილები შეკრების შინაარსის და მისი გზავნილის არსებითი ნაწილი იყო. დაუმორჩილებლობის შესახებ ვერბალური შეძახილები არ გულისხმობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ და წარმოადგენდა რეპრესიული კანონებისა და საპოლიციო პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ აქტს, რომელიც დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამას ადასტურებს ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს პოლიციისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა მათი იდენტიფიცირების პროცესში და მათი მითითება შეასრულეს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს თავად იმ კანონზეც, რომლის საფუძველზეც დააკავეს მოქალაქეები. კანონი, რომელიც აქციის დროს სახის დაფარვასა და პიროტექნიკის, ასევე ლაზერებისა თუ მკვეთრი გამოსხივების მქონე ნივთების გამოყენებას კრძალავს, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა, მიხეილ ყაველაშვილმა კი ხელი ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა.
“საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო. როგორც კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა. სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს “ქართული ოცნებამ” დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს. მოქალაქეების გამოხატვის ფორმების კონტროლისა და თვითნებური აკრძალვების დაწესება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როცა შეკრებების დარბევისა და დაკავების დროს პრაქტიკულად ვერ ხერხდება სამართალდამცავების იდენტიფიცირება სწორედ ნიღბების ქონისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრების არ არსებობის გამო. “ქართული ოცნების” მიერ მართული და შეწყნარებული ე.წ. “ტიტუშკები” კი სწორედ ნიღბებში ძალადობენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს 6 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი, თეატრალური კომპანია “ჰარაკის” მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, ასევე სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.