SJC: დაკავებულის დათვალიერებისას სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას ეხმაურება.
“დღეს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ დაკავებისას დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს დამამცირებლად ეპყრობა.
პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას ემსახურება. მისი არასათანადო განხორციელება, პროცედურული გარანტიების გარეშე, უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია.
დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლება ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანებას, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს.
პოლიციის მიერ იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის გაგრძელება სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც იგი აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქტივისტების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას უწყებები, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასევე უწყობენ ხელს, რადგან დღემდე არ გამოუძიებიათ სამართალდამცავთა მიერ აქციაზე დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როგორც დაკავებულთა, ისე ზოგადად შეკრების მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა სამართალდამცავ უწყებებში გაზრდილია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიციის სისტემა დღეს სრულად მოწყვეტილია კანონის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებს და გადაიქცა პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ და სადამსჯელო აპარატად”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.