სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საუბარია ანდრო ჭელიძეზე.
ორგანიზაციის თქმით, აქციის მიმდინარეობისას ის არ არღვევდა საზოგადოებრივ მშვიდობას და მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში. SJC აქვეყნებს მოწმის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერსაც, სადაც ასახულია როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ჭელიძეზე.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 17-18 აპრილის ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილისთვის პატიმრობის შეფარდებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე – ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებები ნათლად ასახავს, როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე. ძირს წაქცეულ აქციის მონაწილეს ორი პოლიციელი ფეხებს ურტყამს, დანარჩენი სამართალდამცავები კი ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს მოწმის მიერ გადაღებულ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს. ძალადობრივი დაკავების კადრები გაავრცელა ტელეკომპანია ფორმულამაც. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.
19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი – ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინიტრო მოითხოვდა ანდრო ჭელიძის მიმართ უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნებოდა შეკრებისა და მანიფესტაციების სხვა მონაწილეების მიმართაც. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოა, როდესაც სასამართლო ვერ წარმოადგენს მკაფიო მიზეზებს პიროვნებისთვის პატიმრობის შესაფარდებლად (Lashmankin and Others v. Russia, nos. 57818/09 and 14 others, §490, 2017). თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანდრო ჭელიძისთვის პატიმრობის შეფარდება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას არღვევს მისი თვითნებური და არაპროპორციული ხასიათის გამო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაუმართლებლად მიიჩნევს აქტივისტების უსაფუძვლოდ დაკავებისა და მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების მანკიერ პრაქტიკას,” – ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.