სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებით ქართული ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს.
მათი თქმით, “ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ქართული ოცნება ცდილობს, მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები – გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მზარდი მიგრაცია – რაც არათუ განამტკიცებს, არამედ შეუქცევლად აზიანებს ოჯახების სტრუქტურას.
ორგანიზაციის განცხადება:
“17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა, ხოლო თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს – როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.
დღე, რომელიც ემსახურება ლგბტქ ადამიანების უფლებების ხილვადობას მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას, საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით” ჩანაცვლდა. 2024 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” 17 მაისი ოფიციალურად უქმედ და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა.
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა.
წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე ქვეყანაში საბოლოოდ აფორმებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს და საქართველოში სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას აკანონებს.
რეალობას, როდესაც ჰომოფობია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მართვისა და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი გახდა, წინ უძღოდა მათ მიერ წარმოებული თანასწორობის საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც რადიკალური ჯგუფების მიერ ლგბტქ ადამიანების სასტიკ ძალადობას იწყნარებდა და ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების რეალურ რისკებს ღიად უგულებელყოფდა. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლგბტქ ადამიანებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში. სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენდა ლგბტქ ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებდა ადეკვატურ პრევენციულ ზომებს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარა იყო მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტქ მოძრაობებისა და ჰომოფობიური რიტორიკის მიმართ.
ქვიარ თემისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, პოლიტიკური თავისუფლების, განვითარების შეთავაზების ნაცვლად, “ქართული ოცნება” წლების მანძილზე ლგბტქ ადამიანებს მტრის ხატად მონიშნავდა, სიძულვილსა და შიშებს მოქალაქეების მართვისა და კონტროლის, ოპონენტების მარგინალიზების მიზნით იყენებდა.
არაერთი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა დატოვა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი, რაც მათ სტიგმატიზაციას, გარიყვასა და მიზანმიმართულ გაწირვას იწვევს. .
2024 წლის სექტემბერში პარლამენტმა მიიღო ,”ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი ლგბტქ ადამიანებისთვის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც შემზღუდავ დათქმებსა და ცენზურასა ითვალისწინებს. არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით, კანონი ფაქტობრივად კრძალავს ლგბტქ საკითხების ირგვლივ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და ეხება როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით, სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ მცდარ და სიძულვილის ნარატივებზე დაფუძნებული კანონი ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაძლიერებას, მსგავს შეზღუდვას მსუსხავი ეფექტი ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის – ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.
დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოპულისტური “ოჯახებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” ლოზუნგი ფარისევლური შინაარსისაა. ის უსირცხვილოდ ნიღბავს იმ მძიმე რეალობას, როდესაც ფაშისტური კანონების გამო ლგბტქ აქტივისტებისა და ხილვადი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს – რაც მათ აიძულებს, იცხოვრონ საკუთარი ოჯახების, ნათესავების, მეგობრებისა და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე. “ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით “ქართული ოცნება” ცდილობს მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები – გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მზარდი მიგრაცია – რაც არათუ განამტკიცებს, არამედ შეუქცევლად აზიანებს ჩვენი ოჯახების სტრუქტურას.
აღნიშნული პროცესები ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლისა და მძაფრი ავტორიტარული, ანტიევროპული გეოპოლიტიკური შემობრუნების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში წარმატებით მოახერხა ავტორიტარული პოლიტიკის აღმასვლის ფერხულში ჩაბმა და სხვა ავტოკრატიული რეჟიმების გზას დაადგა. ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერა მარტივად ამოსაცნობია – ისინი მძიმე, კომპლექსური კრიზისების პირობებში მორალური პანიკის შექმნის გზით აძლიერებენ სხეულების კონტროლს; ქვეყნის შიგნით კილგბტქ თემსა და ქვიარ აქტივისტებს სახელმწიფოს მტრებად წარმოაჩენენ.
ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ლგბტქ უფლებები არა მხოლოდ უარყოფილია, არამედ აქტიურად ხდება ამ უფლებებით სტრატეგიული მანიპულირება. ასეთ ვითარებაში ქვიარ და სექსუალობის საკითხების პოლიტიზირება ხდება, რადგან ავტორიტარული რეჟიმების ძალაუფლების წარმატება და მდგრადობა ნორმატიული საზღვრების დაწესებასა და საზოგადოების ტოტალურ კონტროლზეა დამოკიდებული.
ამდენად, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებით, “ქართული ოცნება” პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს და მათ რიგებში ეწერება. რეჟიმი ზედმიწევნით იმეორებს რუსეთისა და მისი ორბიტის ქვეშ მოქმედი ავტოკრატიული სისტემების პოლიტიკურ სტრატეგიებს, რომელიც, ერთი მხრივ,საზოგადოების შიშებისა და აფექტების მობილიზაციას – და ამ გზითპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას – ისახავს მიზნად, ხოლომეორე მხრივ, ანტიევროპულ რიტორიკას ე.წ. ტრადიციული, რელიგიური ღირებულებების საპირწონედ.
“ქართული ოცნების” მიერ გაფორმებული რეჟიმი მკაფიოდ ანტიჰუმანური და ფაშისტურია (და არა მხოლოდ ტრადიციული ან კონსერვატიული). ის ლგბტქ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული და უსაფრთხო არსებობის უფლებას ართმევს. როგორც ნებისმიერ სხვა ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, მასაც ადამიანების ჯგუფი კატეგორიამდე დაჰყავსრომელიც უნდა აკონტროლო, დასაჯო, უგულებელყო ან საერთოდ ამოშალო/წაშალო.
მსგავსი პოლიტიკა არ ემსახურება საზოგადოების ან ოჯახების დაცვას – მისი მიზანია შიშისა და სიძულვილის მეშვეობით, ტოტალური კონტროლის მობილიზებით, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობა.
უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაზე მყოფი რეჟიმი მხოლოდ საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის – ლგბტქ ადამიანების/ქვიარ თემის – უფლებების ფეხქვეშ გათელვით არ დაკმაყოფილდება. ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავდასხმით გაგრძელდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელი უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემის მიმართ, რაც ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილია – ბრძოლისა დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის და ჰუმანისტური პრინციპების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაბრუნებლად.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ ადამიანებს საქართველოში და მზად ვართ, ჩვენი რესურსები აქტიურად გამოვიყენოთ მათი უფლებების, საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვაგრძელებთ და არ შევაჩერებთ ლგბტქ უფლებებზე, ლგბტქ ადამიანების სისტემურ ჩაგვრასა და თანასწორობაზე ლაპარაკსა და ამისთვის ბრძოლას ბოლომდე!”
