South China Morning Post-ი ანონიმურ რუსულ წყაროსა და ჩინელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ციმბირის ძალა 2 გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაგან ჩინეთი თავის უპირატეს სავაჭრო პოზიციას იყენებს. გამოცემის მიხედვით, ეს პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობისთვის პრობლემას ქმნის და ერთგვარ “გამოცდას” წარმოადგენს.
“[პეკინს] ძალიან კარგად ესმის საკუთარი საბაზრო ძალა და მათი ქვეყანა გაცილებით უფრო მყარ პოზიციაშია. ეს არის სპეციფიკური ტიპის ზეწოლა საპრეზიდენტო დონეზე. საქმე ნაკლებ საფასურს ეხება. მათ შეუძლიათ, დიდი ფასდაკლებები მოითხოვონ. […] მშენებლობის თვალსაზრისით, პეკინს სურს, დარწმუნდეს, რომ არანაირ რისკსა და ხარჯზე წასვლა არ უწევს. რუსეთი არის მხარე, რომელიც იხდის მთლიან საფასურს”. – თქვა ანონიმურმა რუსულმა წყარომ SCMP-სთან საუბრისას.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ არსებული მოლოდინების მიუხედავად, რუსეთსა და ჩინეთს შორის შეთანხმება 2023 წლის ოქტომბერში ვერ შედგა. თუმცა, SCMP ასევე ხაზს უსვამს, რომ გაზის წყაროების დივერსიფიკაცია ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. ერთ-ერთი ჩინელი ანალიტიკოსის თქმით, ციმბირის ძალა 2 ჩინეთის მხრიდან მრავალი გრძელვადიანი ფაქტორის გათვალისწინებას და სამ ჩართულ მხარეს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მოითხოვს.
“ახლა, ციმბირის ძალა 2 გასზადენი სამი მხარის თანამშრომლობაა – ჩინეთის, რუსეთისა და მონღოლეთის – ხანგრძლივი მოლაპარაკებებია საჭირო, ზოგადი საბაზრო სტანდარტის ხელმძღვანელობით. […] [პეკინმა] უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის რეალურ მოთხოვნებზე, გაზის იმპორტის განლაგებაზე, საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციებზე დაყრდნობით”. – თქვა მან.
SCMP-ის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ვიქტორია აბრამჩენკომ 2023 წლის ოქტომბერში მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში ვიზიტისას თქვა, რომ განხორციელებადობის კვლევა უკვე ჩატარდა, ხოლო დიზაინზე მუშაობას წლის ბოლომდე დაასრულებდნენ. მისივე თქმით, მშენებლობა 2024 წლის პირველ მეოთხედში დაიწყება, პროექტის დასრულებას კი დაახლოებით 6 წელი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მონღოლეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წევრმა მუნხნარან ბაიარლხაგვამ თქვა, რომ მონღოლეთმა შეიძლება პროცესი გაახანგრძლივოს.
“არც კი გვილაპარაკია ფასებზე, ტარიფებზე, გადასახადებზე და ა.შ., შესაბამისად, დიდი ალბათობით 2024 წლის მშენებლობის სეზონზე არაფერი არ მოხდება”. – თქვა მან.
2021 წელს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი ციმბირის ძალა 2 ჩაანაცვლებს.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპისთვის, კერძოდ გერმანიისთვის უნდა მიეწოდებინა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა პროექტის სერტიფიცირება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩერდა.
როგორც ნოვაკმა აღნიშნა, რუსეთი და ჩინეთი ახლო მომავალში ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ციმბირის ძალა 2-ის გავლით ჩინეთისთვის წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.