მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) და რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) აქვეყნებენ ერთობლივ მოკვლევას, რომელშიც საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და აღნიშნავენ, რომ ბოლო 1 წელში საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
RSF გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავტორიტარული უკუსვლა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ 600 დარღვევა ფიქსირდება.
“2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე – რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიში საუბარია ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ჟურნალისტებზე და აღნიშნულია, რომ ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება.
“შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, “TV პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე, დააკავეს პროტესტის გაშუქების შემდეგ”, – აღნიშნულია ანგარიშში.




