RMG Gold-ის მოგებამ 58 მლნ ლარს გადააჭარბა, RMG Copper 74 მილიონიან ზარალზეა – ვის ეკუთვნის კომპანიები?

საქართველოში სპილენძისა და ოქროს მადნის უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგი, RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკია.
RMG Copper-სა და RMG Gold-ს 2022 წელს 800 მილიონ ლარამდე შემოსავალი ჰქონდა:
· RMG Copper – შემოსავალი 2022 წელს 469.3 მილიონი ლარი, წმინდა ზარალი 74.1 მილიონი ლარი;
· RMG Gold – შემოსავალი 2022 წელს 329.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 58.7 მილიონი ლარი.
კომპანიების წმინდა მოგება უფრო დიდი იყო 2021 წელს, როდესაც ამ ფირმების ჯამური მოგება 135 მილიონ ლარს აღემატებოდა.
„გრძელდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება და გადამუშავება, ასევე ხდება უკვე გადამუშავებული მადნის მესამედ გადამუშავება. კომპანია ასევე ახორციელებს ე.წ. აგლომერაციის პროექტს, რაც გულისხმობს ბარიტის მადნის შერევას უკვე გადამუშავებულ მადანთან.
გარდა ამისა მიმდინარეობს საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება სს “RMG Copper”-ზე მისაწოდებლად. ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან ოქსიდური მადნის მოპოვება 157 ათასი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი რაც შეიცავს დაახლოებით 2 ათას უნცია ოქროს (1 უნცია 31.1035 გრამია); მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2024 წლის ბოლომდე.
ბნელი ხევის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 830 ათასი ტონა მადნის გადამუშავება, რომელიც შეიცავს 20 ათას უნცია ოქროს. ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა დასრულდეს 2024 წელს.
სს „RMG Copper“-ისთვის ოქრო სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 6.6 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 209 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 20 ათასი ტონის ოდენობით.
მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2028 წლის ბოლომდე. უნდა აღინიშნოს ისიც რომ კომპანიაში მუდმივად ხდება ახალი მადნების დაძიება, რაოდენობისა და ხარისხის დადგენა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს საბადოების სიცოცხლის ვადა“, – ნათქვამია ანგარიშგებაში.
რუსმა ბიზნესმენმა RMG ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი 2012 წელს შეიძინა. RMG Gold-მა 110 მილიონი გადაიხადა ბოლნისსა და დმანისში ოქროს მოპოვების ლიცენზიაში, ხოლო RMG Copper-ი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ ტერიტორიებზე სპილენძის და პოლიმეტალების მოპოვების 93.5-მილიონიან ლიცენზიას ფლობს.