Riyadh Air-მა პარიზში საკუთარი ეკიპაჟების წევრების ფორმები წარმოადგინა

საუდის არაბეთის ახალმა ავიაგადამზიდავმა Riyadh Air-მა პარიზის მოდის კვირეულზე ბორტგამცილებელთა და ფრენის ეკიპაჟების ფორმა წარმოადგინა. ავიაკომპანიების თანამშრომლების ტანსაცმელი საუდელმა დიზაინერმა მუჰამედ აშიმ და მისმა პარიზში მდებარე მოდის სტუდია Ashi-მ შექმნა. კოლექცია შედგება მამაკაცის და ქალის ლუქებისგან, რომელთაგან პოდიუმზე 15 იყო წარმოდგენილი.
„ეს არის საოცარი თანამშრომლობა, სადაც მოდა ეხმარება, რომ გადამზიდავი გახდეს თანამედროვე და უნიკალური. ეს ასევე ცხადყოფს, რომ Riyadh Air-ის ფუფუნება და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა მისი მომსახურების ყველა ასპექტის ძირითადი ფაქტორებია“, – თქვა ბ-ნმა აშიმ.
ტანსაცმლის ექსკლუზიური ხაზი შთაგონებულია 1950-იანი წლების „საჰაერო მოგზაურობის ოქროს ხანით“ და შეიცავს ტანსაცმლის ფართო სპექტრს, მათ შორის გარე ტანსაცმელს. ყველა სამოსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით, როგორიცაა ქაშმირი, თხელი მატყლი და ტყავი.
გარდა ამისა, დიზაინერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აქსესუარებს, მათ შორის საყურეებს ამეთვისტოთი და აბის ფორმის ქუდებით, რომლებიც დამახასიათებელია შუა საუკუნის ბორტგამცილებელთა მოდისთვის, მაგრამ აქ მათ თანამედროვე ფორმა აქვთ.
“ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს მოდური კოლექცია მალე გახდება ცნობადი ხალხისთვის მთელს მსოფლიოში”, – თქვა ტონი დუგლასმა, Riyadh Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ავიაკომპანიის გაშვება 2025 წლის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
წყარო: avianews.ge