NATO-ში არ განიხილება რუსეთის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წარადგინოს წერილობითი გარანტიები აღმოსავლეთით საზღვრების არ გაფართოებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით NATO-ს რამდენიმე ინფორმირებულმა თანამშრომელმა და დიპლომატმა განუცხადა, რომლებსაც ოფიციალურად არ აქვთ მედიასთან კომუნიკაციის უფლებამოსილება.
რადიო თავისუფლების წყაროები აღნიშნავენ, რომ NATO-ს გაფართოებაზე პოტენციური უარის თემა ალიანსის ფარგლებში არც ერთ ბოლო ან უფრო ადრე გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე არ განხილულა.
“შესაძლოა, ეს უბრალოდ აკადემიური დისკუსიაა”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ და აღნიშნა, რომ NATO-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.
NATO-ს გაფართოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე საუბრისას კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ გაფართოების შესახებ წერილობითი ვალდებულება “არ არის ის, რისი მიღებაც მათ [რუსებს] ადვილად შეუძლიათ”, რადგან მისი თქმით, უფლება, თავისუფლად განსაზღვრო, თუ რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას აპირებ, არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
28 მაისს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუმცა მკაცრი პირობებით, მათ შორის, მოლაპარაკებების პროცესში ჩართული 3 რუსული წყაროს თანახმად, ამ პირობებს შორის არის წერილობითი გარანტია, რომ დასავლეთი შეწყვეტს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას.
წყაროთა თქმით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა გულისხმობს დასავლეთის მხრიდან ოფიციალურ უარს NATO-ში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე – ანუ სწორედ იმ ქვეყნების, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ისტორიულ გავლენის ზონად მიიჩნევს.
