ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის გამარტივებას გეგმავს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება, უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით. მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს “ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების” ან “საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის” შემთხვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
ევროპულმა სტრუქტურებმა აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გასულ კვირას პირველი შეხვედრა გამართეს. ევროპარლამენტის, ევროპული კომისიის და ევროპული საბჭოს მიზანია, შეთანხმებას მიაღწიონ იქამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება – ივნისამდე.
შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისშივე ამოქმედდება.
