რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელიც ბრიუსელში 15 ივლისს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ეხება, სადაც საქართველოს მიმართ გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს.
სტატიაში, სახელწოდებით – “ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად ლაპარაკობს, თუმცა, რბილად იქცევა”, მთავარი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ EU-ის დაახლოებით 8 წევრი სახელმწიფო, იტალიის მეთაურობით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას დარტყმას მიაყენებს.
ავტორი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ის ახსენებს წერილს, რომელიც ევროკომისიამ თბილისს გამოუგზავნა და რომელშიც ხაზგასმულია, რომ აგვისტოს ბოლომდე რიგი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის პრივილეგია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს, შესაძლოა შეჩერდეს.
რიკარდ იოზვიაკი სანქციებთან დაკავშირებით წერს, რომ ახალი შეთავაზება იყო ორი ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა, თუმცა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ჯერ კიდევ მოსამზადებელ შეხვედრებზე განაცხადეს, რომ ამას მხარს არ დაუჭერდნენ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს მთავარი რედაქტორი დისკუსიებთან ინფორმირებულ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების საკითხი მოკლედ განიხილეს, რადგან ამისათვის ერთსულოვნებაა საჭირო და შეთანხმდნენ, რომ სანქციებზე მუშაობა ბრიუსელში უფრო დაბალ დონეზე გაგრძელდება.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რიკარდ იოზვიაკს სტატიაში მოჰყავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის სიტყვები, რომელმაც მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ თბილისი არ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენებ კრიტერიუმებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
“ეს კრიტერიუმები მოიცავს საკამათო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის გაუქმებას და ასევე საკამათო კანონმდებლობის პაკეტს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ”, – განაცხადა კაია კალასმა.
რას ითხოვს ევროკავშირი ქართული ოცნებისგან – სრულად
