RFE/RL: სპეცრაზმისა და პოლიციისთვის ლანჩის ტენდერი ჩაიშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

რადიო თავისუფლება წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე ჩაიშალა.
ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს – ტენდერი არ შედგა.
ტენდერის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.
ქართული ოცნების მხრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად საპოლიციო ძალების არაერთხელ გამოყენების ფონზე, FactCheck-მა 12 დეკემბერს გამოაქვეყნა სპეცრაზმის კვების ხარჯები.
რა დაჯდა 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცრაზმის კვება – FactCheck-ის ინფორმაცია