Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის წარმომადგენლებმა ირანელ კოლეგებს მოუწოდეს, რომ შეაჩერონ წითელ ზღვაზე ჰუსიტების თავდასხმები. Reuters-ი აღნიშნულ ინფორმაციას ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ჰუსიტების თავდასხმებზე საუბარი ასევე მოიცავდა ირანსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის თემას, რომელიც, ჩინეთის მხარის მტკიცებით, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. ირანული დიპლომატიური წყაროების მიხედვით, საუბარი ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე პეკინსა და თეირანში ოფიციალური ვიზიტებისას გაიმართა.
ჩინეთის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჰუსიტების თავდასხმებზე და წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესებზე არ გაუკეთებიათ.
იემენში “ჰუსიტები” ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.
გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.