უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
რიაზანის ქარხანზე, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 24 თებერვალს.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ძირითად საქაჩ დანადგარს(CDU-6) და ქარხანა იძულებული გახდა ნავთობის გადამუშავება შეეჩერებინა. კომპანია „როსნეფტმა“ არ უპასუხა სააგენტოს მიმართვას კომენტარის შესახებ.
დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულ დანადგარს დღე-ღამეში შეუძლია დაახლოებით 170 ათასი ბარელი ნავთობის გადამუშავება, რაც ქარხნის საერთო სიმძლავრის 48%-ია.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რიაზანის ქარხანა მუშაობის ნაწილობრივ განახლებას რამდენიმე დღეში შეძლებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით არაერთხელ შეუტიეს 2024 წელს და 2025 წლის 24 და 26 იანვარსაც. სააგენტო Reuters-ს წყაროებმა იანვარშიც დაუდასტურეს, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
24 თებერვალს, დილით რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია „ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“. მალკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია. ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ დრონებით შეტევა იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
24 თებერვალს, შუადღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში. გენშტაბის თანახმად, სულ მცირე ხუთი აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხნის იმ ტერიტორიაზე, სადაც ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.
