საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პლახოტნიუკის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი კლიენტი მოლდოვაში ექსტრადიციას ოფიციალურად დათანხმდა. ის მზადაა საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს“, – განაცხადა პლახოტნიუკის ადვოკატმა, ლუსიან როგაჩმა.
შეგახსენებთ, 59 წლის ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, გასულ კვირას ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.
მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო.
პლახოტნიუკი დანაშაულს არ აღიარებს.
საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პლახოტნიუკის ექსტრადიცია რუსეთმაც მოითხოვა.
სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, პლახოტნიუკს, რომელსაც მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მოსკოვი 2014 წელს მოლდოვაში მისი პოლიტიკური მეტოქის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის ეძებს.
