რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის რეალიზაციით ბიუჯეტში შენატანები აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 12 %-ით შემცირდა, რაც Reuters-ის თანახმად, ნავთობზე ფასების მკვეთრი კლებითაა განპირობებული.
“გაყიდული ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია კრემლისთვის, ვინაიდან მისი წილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფედერალურ ბიუჯეტში ყველა სხვა შემოსავლის მესამედი ან ნახევარია”, – წერს Reuters-ი.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ თვეში შემოსავალმა 1,09 ტრილიონ რუბლს (13,49 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც 2024 წლის აპრილის 1,23 ტრილიონ რუბლთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მარტის 1,08 ტრილიონ რუბლთან შედარებით უმნიშვნელოდ მეტია.
ჯამში, იანვარ-აპრილში შემოსავალი წლიურად 10,3%-ით შემცირდა და 3,73 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
Reuters-ის თანახმად, რუსული ნავთობის საშუალო ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში ვარდნა დაიწყო და მარტში ერთ ბარელზე 5,079 რუბლიდან აპრილში ბარელზე 4,562 რუბლამდე დაეცა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ბიუჯეტში 10,94 ტრილიონი რუბლის ოდენობის შემოსავლებს მოელოდა, თუმცა ეს მონაცემი აპრილში შეცვალა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, 8,32 ტრილიონამდე შეამცირა.
სააგენტო წერს, რომ ბიუჯეტით დაგეგმილ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასის მკვეთრად გაუფასურება ხელს შეუშლის რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინაში, თუმცა გადასახადების ზრდა ან ხარჯების შემცირება მოკლევადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ნავთობის ფასების შემცირების გავლენის შერბილებას.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება. რუსულ ნავთობსა და გაზზე მრავალი ტიპის სანქციაა დაწესებული.
ფორუმი
