წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში სამხედრო დრონი ჩამოვარდა , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„გამოძიების შედეგი მიუთითებს, რომ ობიექტი, დიდი ალბათობით, სამხედრო დრონი იყო. სავარაუდოდ, დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაზიანდა“, – განაცხადა ლუბლინის სავოევოდოს პროკურორმა, გჟეგოჟ ტრუსიევიჩმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა შემთხვევის რუსეთთან კავშირი არ გამორიცხა.
„არ უნდა გამოვრიცხოთ კავშირი აშშ-ში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს შორის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის პოლიციის ცნობით, დაუდგენელი ობიექტი სოფელ ოსინიში ღამით ჩამოვარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
პოლონური გამოცემა PAP-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ობიექტი ე.წ. სატყუარა დრონი იყო, რომელსაც ქობინი არ ჰქონდა და მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული.




