ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მინერალების საკითხის გამო, უკრაინას შეიძლება ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მათივე ცნობით, Starlink ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინელი სამხედროებისთვის. ეს თემა აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის განხილვის თემა მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის შეთავაზება. საკითხი ხელახლა წამოიჭრა ხუთშაბათს, უკრაინის საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს, კით კელოგსა და ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
Reuters-ის წყაროს თქმით, უკრაინაში Starlink მალე გამოირთვება, თუ მინერალებთან დაკავშირებით გარიგება არ დაიდო. „უკრაინა სტარლინკზეა დამოკიდებული. ეს მათი “ჩრდილოეთის ვარსკვლავია”. Starlink-ის დაკარგვა დიდი პრობლემა იქნება”, – თქვა წყარომ.
ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, გადაეცა აშშ-სთვის 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალები ომის დროს ამერიკის დახმარების სანაცვლოდ. მისი თქმით, აშშ-ს არ გადმოუცია რაიმე კონკრეტული უსაფრთხოების გეგმა. ბოლო დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და თავად ტრამპმაც მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ არ მოაწერა ხელი მინერალებზე შეთანხმებას. თუმცა, პარასკევს, ზელენსკიმ თქვა, რომ ორივე ქვეყანა მუშაობს შეთანხმებაზე, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ მალე ელოდება შეთანხმებას.
თეთრი სახლის ახალი შესაძლო სტრატეგია, როიტერსის თანახმად, ითვალისწინებს უფრო ზოგადი შეთანხმების მიღწევას კიევთან, ხოლო დანარჩენ დეტალებზე, მათ შორის ამერიკისთვის გადასაცემი მინერალების წილზე, მოლაპარაკებები შემდეგ გაგრძელდება.
როიტერსის თანახმად, ბუნებრივი რესურსების გამოყენება დახმარების სანაცვლოდ აშშ-სთვის არ არის გამოცდილი პრაქტიკა, თუმცა ამ მეთოდს აქტიურად იყენებს ჩინეთი და მინერალებზე წვდომას თავად ზელენსკიც სთავაზობდა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ცოტა ხნის წინ.
როიტერსის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მასკმა ათასობით Starlink მოწყობილობა გაგზავნა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაანადგურა კომუნიკაციები 2022 წლის შემოჭრის დროს. მასკი უკრაინაში თავდაპირველად გმირად აღიქმებოდა, მაგრამ მოგვიანებით 2022 წელს მან წვდომა შეზღუდა ინტერნეტზე, რადგან ის არ ეთანხმებოდა იმას, თუ როგორ მართავდა უკრაინა ომს. ზოგიერთი ამერიკელი დეპუტატი ტრამპის გეგმებს ომის სწრაფად დასრულებას უკავშირებს. სხვები ეჭვქვეშ აყენებენ მასკის ქმედებებს, მათ შორის ბევრი ფედერალური სამუშაო ადგილის შემცირებას.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი მელინდა ჰარინგი ამბობს, რომ Starlink ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დრონების გამოსაყენებლად, რომლებიც მისი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილია.
„სტარლინკის დაკარგვა ყველაფერს შეცვლიდა“, – თქვა მან. მან განმარტა, რომ უკრაინა და რუსეთი ახლა ერთნაირი რაოდენობის დრონებსა და საარტილერიო ჭურვებს იყენებენ.
როიტერსის ცნობით, უკრაინის საელჩო ვაშინგტონში, თეთრი სახლი და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებენ. SpaceX-მა, კომპანიამ, რომელიც მართავს Starlink-ს, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვებს ასევე არ უპასუხა.
