რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და თანამფლობელმა ლეონიდ ფედუნმა კომპანიაში თავისი 10%-იანი წილი გაყიდა. ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა სამ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, ფედუნის წილი თავად „ლუკოილმა“ იყიდა და ეს გარიგება ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში შედგა.
Reuters-ის შეფასებით, პაკეტის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია. უცნობია, რა თანხა მიიღო თავად ფედუნმა. „ლუკოილმა“ სავარაუდო გარიგების კომენტირებაზე უარი თქვა. ლეონიდ ფედუნთან დაკავშირება Reuters-მა ვერ შეძლო.
69 წლის ლეონიდ ფედუნი კიევშია დაბადებული.
ფედუნმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დატოვა „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც თითქმის 26 წლის განმავლობაში ეკავა. ოფიციალურად ამის მიზეზად დასახელდა „საპენსიო ასაკი და ოჯახური გარემოებები“. კომპანიიდან მისი წასვლის შემდეგ „ლუკოილმა“ იყიდა საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“, რომლის ძირითადი აქციონერი ადრე ფედუნი იყო.
ლეონიდ ფედუნი ამჟამად სავარაუდოდ, მონაკოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის რეზიდენტია. რუსული წყაროების თანახმად, ფედუნს რუსეთის გარდა აქვს კვიპროსის მოქალაქეობაც. „ფორბსის“ მონაცემებით, 2024 წელს ლეონიდ ფედუნის ქონება 10,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „ლუკოილი“ დიდხანს რჩებოდა იმ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები არ შეეხო.
2025 წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და რუსეთის კიდევ ერთ ნავთობკომპანია „როსნეფტს” და მათ შვილობილ სტრუქტურებს.
ფორუმი




