საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს შესაძლო ადგილებად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამიტის გამართვისთვის. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიებს.
ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის ომს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს, და ნათქვამი აქვს ისიც, რომ მზადაა პუტინთან შესახვედრად. პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მზადაა მასთან შესახვედრად, უკრაინის და ენერგეტიკის საკითხების განხილვის მიზნით.
რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ პირდაპირ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან, ტრამპსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესათანხმებლად – ეს საუბარი შესაძლოა წინ უძღოდეს მიმდინარე წელს დანიშნულ შეხვედრას.
თუმცა რუსეთის მაღალჩინოსნები ბოლო კვირებში ჩავიდნენ როგორც საუდის არაბეთში, ისე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – ამბობენ წყაროები, რომლებიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები Reuters-ს არ გამოეხმაურნენ კომენტარის თხოვნაზე. კომენტარზე უარი განაცხადა კრემლმაც. თუმცა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებთან ტრამპსაც და პუტინსაც მეგობრული ურთიერთობები აქვთ.
დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას დანიშნული აქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან.
საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი იყო უცხოეთის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელსაც ტრამპმა დაურეკა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. დავოსში ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას, ტრამპმა პრინცს უწოდა “ფანტასტიკური კაცი”.
პუტინი საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2023 წელს ჩავიდა და გასული წლის სექტემბერში თქვა, რომ მოჰამედ ბინ სალმანის მადლობელია, აშშ-რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის.
