ევროპის კომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ პაკეტში არ შეიტანს აკრძალვას იმპორტზე, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, სანქციების ახალი პაკეტი მიიღონ სწრაფად, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავისთვის.
მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოწოდებებისა, აიკრძალოს მეტი რუსული ექსპორტი, მაგალითად, ალუმინისა, ევროკომისია წარადგენს ზომების პაკეტს, რომელიც, როგორც კომისიაში იმედოვნებენ, მინიმალურ დებატებს გამოიწვევს წევრ ქვეყნებს შორის, რაც მის სწრაფად მიღებას შეუწყობს ხელს, წერს Reuters-ი. ახალი სანქციების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, სანქციების მე-13 პაკეტში შეიძლება გაფართოვდეს იმ რუსული კომპანიების სია, რომლებსაც ევროკავშირის ფირმები ვერ მიჰყიდიან ორმაგი დანიშნულების საქონელს. Reuters-ის წყაროები ასევე იტყობინებიან, რომ სანქციების მე-13 პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისია სწრაფადვე წარადგენს მე-14 პაკეტს, რომელშიც უკვე შეიძლება იყოს იმპორტზე ახალი აკრძალვები.