ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი, ალი არდესტანი სიკვდილით დასაჯეს, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ალი არდესტანის სიკვდილით დასჯა „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულისთვის, ქვეყნის მგრძნობიარე ინფორმაციის მიწოდებისთვის, აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ და სამართლებრივი პროცედურების დაცვით“, – წერს ირანის სასამართლოს მედია საშუალება Mizan-ი.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ირანელების სიკვდილით დასჯის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დაპირისპირება მოხდა, როდესაც ისრაელისა და აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.




