თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა, – ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს შეხვედრის ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალ ტანკერებზე Kairos-სა და Virat-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო. თურქეთმა ხომალდებზე თავდასხმა დაგმო.
ამასთან, გუშინ რუსულმა მედია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით, რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე, რომელსაც მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევს ინციდენტთან კავშირი არ ჰქონია.




