თეირანის ქუჩებში გამოკრული პროპაგანდისტული პოსტერი, რომელიც აშშ-ს ემუქრება. 2026 წლის 25 იანვარი.Vahid Salemi/APმედიასააგენტო Reuters-თან საუბარში ანონიმურმა ირანულმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს სამშვიდობო შეთავაზება მიიღეს და აღნიშნა, რომ დეესკალაციაზე საუბრის შესაძლო ლოკაცია პაკისტანი ან თურქეთი გახდეს.
როგორც Reuters-ი უსვამს ხაზს, მაღალჩინოსნის სიტყვები შეიძლება ჩაითვალოს ნიშნად, რომ ირანი დიპლომატიურ შეთავაზებას მართლაც განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ირწმუნებიან, თითქოს აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დადებას არ აპირებენ.
ირანელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია შეთავაზების დეტალები, რომლებიც პაკისტანის შუამავლობით მიიღეს, არც ის დაუზუსტებიათ, არის თუ არა საუბარი 15-პუნქტიან შეთავაზებაზე, რომლის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა. წყარომ თქვა, რომ ომის დასრულებაში მონაწილეობს თურქეთიც და მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ქვეყანაში ან პაკისტანში გაიმართოს.
პარალელურად, ირანის საინფორმაციო საბჭოში ამბობენ, რომ აშშ-ს სამშვიდობო შეთავაზებები “სურვილების სიაა”.
25 მარტს მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ ირანს 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა. ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობების მიხედვით, დოკუმენტი მოიცავს სანქციების შერბილებას, სამოქალაქო ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგს, შეზღუდვებს რაკეტებზე, ასევე ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლის აღდგენას.