დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დონალდ ტრამპის გუნდთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი მოვალეობა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარება იქნება. თუმცა, აღნიშნული თანამდებობის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
რიჩარდ გრენელი 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა და ასევე, დროებით აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ივლისში, რიჩარდ გრენელმა უკრაინაში „ავტონომიური ზონების“ შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული იდეის მიმართ, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალების, მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.