გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ბუნდესვერი უნდა გაიზარდოს. საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობა, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიული პოზიცია ამას აუცილებელს ხდის. ჩვენ მხოლოდ კარგად აღჭურვილი სამხედროები არ გვჭირდება, ჩვენ ბუნდესვერი გვჭირდება, რომელიც პერსონალის რაოდენობითაც ძლიერი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რუსეთის წინაშე შეკავება ყველაზე საიმედო“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ექვსთვიანი ნებაყოფლობითი პროგრამა გაწვრთნილი რეზერვისტების რაოდენობას გააორმაგებს, ხოლო მათი ნაწილი სამხედრო სამსახურში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს.
ბორის პისტორიუსს სურს, რომ 2030 წლისთვის გერმანელი სამხედროების რაოდენობა 180 000-დან 260 000-მდე გაიზარდოს.
კანონპროექტის თანახმად თავდაცვის სამინისტრომ 2026 წელს 20 000 მოხალისე უნდა მიიღოს, ხოლო თუ დადგენილი მაჩვენებლების მიღწევა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოხდება, მაშინ გერმანიის მთავრობამ შესაძლოა 2011 წელს გაუქმებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხიც განიხილოს.




