Reuters – აშშ-ის კონგრესმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღის მისალოცად გაუგზავნა

აშშ-ის კონგრესმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღის მისალოცად გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც ჯეფრი ეპშტეინის ადვოკატებმა კონგრესს 2003 წლის ე.წ. დაბადების დღის ალბომი გადასცეს.
მოგვიანებით, კომიტეტის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა ეპშტეინის ადვოკატების მიერ კონგრესისთვის გადაცემული დოკუმენტების ასობით გვერდი, მათ შორის ე.წ. დაბადების დღის ალბომი და ეპშტეინის ანდერძი გაასაჯაროეს.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ წერილი, რომლის არსებობის შესახებაც თავდაპირველად ინფორმაცია Wall Street Journal-მა ივლისში გაავრცელა, ნამდვილი არ არის.
„ეს მისი [] ხელმოწერა არ არის. ეს ცილისწამებაა“, – განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტეილორ ბუდოვიჩმა.
დაბადების დღის მისალოცი წერილის ტექსტი შიშველი ქალის სხეულის ნახატზეა დაბეჭდილი და იგი დონალდ ტრამპსა და ჯეფრი ეპშტეინს შორის სავარაუდო დიალოგს წარმოადგენს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ეპშტეინს „მეგობრად“ მოიხსენიებს.
„დაე, ყოველი დღე კიდევ ერთი გასაოცარი საიდუმლო იყოს“, – წერია წერილში.
WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ივლისში უარყო და განაცხადა, რომ წერილი მას არ დაუწერია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოცემას სასამართლოში უჩივლა.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპშტეინმა თავი მოიკლა და არ არსებობს „კლიენტების სია“ ან რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინი ცნობილ ადამიანებს აშანტაჟებდა.