Retain-მა ღვინის ბოთლებზე QR-კოდის დატანის სერვისი აამოქმედა, რითაც მეღვინეებს EU-ის კანონმდებლობის დაცვაში ეხმარება

2023 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმად, მეღვინეებს, რომელთაც სურთ, მათი ღვინო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაიყიდოს, თითოეულ ბოთლზე ღვინის ინგრედიენტებისა და კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია უნდა დაიტანონ. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდი ღვინის ენერგეტიკული ღირებულება, ალკოჰოლის შემცველობა და ალერგენების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ფიზიკურ ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი, დამატებითი ინფორმაციის განთავსება კი – QR-კოდის საშუალებით არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ მეღვინეს არ შეუძლია, QR-კოდის გამოყენებით მომხმარებლის პირადი მონაცემები შეაგროვოს, ხოლო თავად QR-კოდი არ უნდა გადადიოდეს ვებგვერდზე, რომელზედაც რეკლამა არის განთავსებული.
ქართული მეღვინეებისთვის, ევროკავშირი ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია, სადაც 2023 წელს $30.8 მილიონის ღირებულების 9,800-მდე ტონა ქართული ღვინო გაიყიდა, ანუ ევროკავშირზე ღვინის ჯამური ექსპორტის თითქმის 12% მოდის. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ქართული ღვინო ყველაზე პოპულარულია პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ წლებთან ერთად, ქართული ღვინით ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებშიც ინტერესდებიან – ესპანეთში, მაგალითად, 2023 წელს, ღვინის ექსპორტი 160%-ით გაიზარდა.
ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბაზარი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რის გამოც, მეღვინეებს ევროკავშირის ახალ რეგულაციებთან ჰარმონიზაცია და ღვინის ბოთლებზე QR-კოდების დატანა მოუწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს, რომლისთვისაც, მეღვინეს, შესაძლოა, დრო და ცოდნა არ ჰქონდეს, ამ პრობლემის მოგვარება ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Retain-მა ითავა, რომელიც მეღვინეებს ეტიკეტზე სრულყოფილი ინფორმაციის მქონე QR-კოდების დატანის სერვისს სთავაზობს.
“ევროკავშირის ახალი რეგულაცია მეღვინისგან ღვინის ბოთლის ეტიკეტზე მრავალი ინფორმაციის დატანას მოითხოვს, რაც, ცხადია, რთულია, მაგრამ ამ მხრივ, გამოსავალი – QR-კოდია. აღმოჩნდა, რომ QR-კოდის დატანა ყველა მეღვინეს დასჭირდება, რისთვისაც, ტრადიციულად, ძვირად ღირებული გადაწყვეტები არსებობს, რაც, ასევე, სპეციფიკურ ცოდნას და დროს მოითხოვს, რაც მეღვინისთვის დამატებით თავის ტკივილს ნიშნავს. გვესმის, რომ მეღვინე – ღვინოზე უნდა ფიქრობდეს და არა ტექნიკურ გადაწყვეტებზე. ღვინის ბოთლებზე QR-კოდის დატანის სისტემა ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ავამოქმედეთ, რისთვისაც უნივერსალური ფორმა შევქმენით”, – აღნიშნავს Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ჯაბუა BMG-სთან.
როგორც Retain-ში ამბობენ, ღვინის ბოთლზე დასატანი QR-კოდის შექმნა, ტექნიკურად, მარტივი პროცესია, რომელშიც მეღვინის ჩარევა მინიმალურია, რადგან პროცესის ყველა რგოლის აღსრულებას სწორედ ქართული უზრუნველყოფს.
“მეღვინისგან კომპანიის ლოგო, ჩამოსხმული ღვინოების ჩამონათვალი და ის ინფორმაცია გვჭირდება, რომლის გამოქვეყნებას ევროკავშირი ითხოვს. თუ მეღვინე ეტიკეტსაც მოგვაწვდის, მაშინ QR-კოდს პირდაპირ ეტიკეტზე დავიტანთ, ხოლო მეღვინეს ამოსაბეჭდად მზა ფაილს დავუბრუნებთ, ანუ მეღვინეს მხოლოდ ეტიკეტის დაბეჭდვა და ბოთლზე დაკვრა დასჭირდება. გვესმის, რომ მეღვინის მთავარი საფიქრალი ღვინოა, რის გამოც, პროცესს სრულად საკუთარ თავზე ვიღებთ. ამ ყველაფრისთვის, ერთ საათზე ნაკლები დრო გვჭირდება, ღირებულება კი – სიმბოლურია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ქართული მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა და პროცესში ინოვაციების დანერგვაა”, – ამბობს ლევან ჯაბუა და დასძენს, რომ QR-კოდი, რომელსაც Retain-ი ქმნის, ერთი მხრივ, უნიკალურია, ხოლო, მეორე მხრივ – დინამიკური, ანუ იქ არსებული ინფორმაციის შეცვლა ან დამატება მეღვინეს ნებისმიერ დროს შეუძლია.
თუმცა, როგორც Retain-ის თანადამფუძნებელი ამბობს, კომპანია აქ არ ჩერდება და ამ სერვისთან ერთად, მეღვინეებს მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღების სერვისსაც სთავაზობს, რაც კომპანიის ძირითადი ბიზნესია, რომელსაც Retain-ი რამდენიმე თვეა, რაც ავითარებს.
“ჩვენი QR-კოდები, როგორც იცით, სხვადასხვა კომპანიების ფილიალებში არის განთავსებული, რომელთა მეშვეობით, ადამიანებს მომსახურების შეფასება შეუძლიათ, თანაც ისე, რომ უკუკავშირი პირდაპირ სათავო ოფისში მიდის. ღვინის შემთხვევაში, იდეა ანალოგიურია, მაგრამ ფორმა – ღვინოს მოვარგეთ. დღეს, პროცესი ასეთია – მეღვინე ღვინოს აყენებს, მას ბოთლებში ასხამს და მაღაზიაში ან ღვინის ბარში ყიდის, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ სხვა კონტინენტზე. ეს მოდელი ისე არის აწყობილი და ღვინის თითოეულ ბოთლს იმდენი შუამავალი რგოლის გამოვლა უწევს, რომ მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება, უბრალოდ შეუძლებელია. არადა, მეღვინისთვის ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს ლევან ჯაბუა BMG-სთან და დასძენს, რომ ღვინის შემთხვევაში, პროცესი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი უკვე, გარკვეულწილად, შეეჩვია – უცვლელია.
“ღვინოს ბოთლზე ვათავსებთ QR-კოდს, რომელსაც, პირობითად, აწერია “დაუკავშირდი მეღვინეს და გაუზიარე შთაბეჭდილება”, ანუ აქცენტს სწორედ მეღვინესთან ურთიერთობაზე ვაკეთებთ და არა – ქულის დაწერაზე. QR-კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი შეფასების გვერდზე ხვდება, რომელიც ღვინის ყველა ბოთლისთვის უნიკალურად გენერირდება, რითაც მეღვინე ხვდება, თუ რომელ ბოთლთან დაკავშირებით იღებს უკუკავშირს. ეს პროცესი იმდენად მარტივია, რომ მისი განხორციელება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება, ანუ ბაღდათში მყოფ მეღვინეს შეუძლია გაიგოს, თუ რას ფიქრობს მის მიერ დაყენებულ ღვინოზე ადამიანი, რომელიც მას კანადაში მიირთმევს. თან, რაც მთავარია, მეღვინეს შეუძლია მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციაც შეაგროვოს”, – ამბობს Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ჯაბუა და დასძენს, რომ ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტის მთავარი ხიბლი ის კავშირია, რომელიც მეღვინესა და იმ ადამიანს შორის იქმნება, რომელიც ღვინოს სვამს.