re:school შესაძლოა, ამერიკის ბაზარზე გავიდეს, – ამის შესახებ re:school-ის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, რეგიონებში გასვლას აანონსებს, მისი მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლები მაისში აშშ-ში მიდიან, სადაც სხვადასხვა შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.
“მაისში მე და ჩემი თანადამფუძნებელი პავლე აშშ-ში მივდივართ. იქ საინტერესო შეხვედრები გვექნება “რეინვენთთან” და re:school-თან დაკავშირებით. წინასწარ არ მინდა დაანონსება, თუმცა მინდა, რომ re:school საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდეს. ამერიკის ბაზარზე გასვლა, პირველ რიგში ქართველი ემიგრანტებისთვის შესაძლებლობა იქნება, რომლებიც მრავლად არიან. ამასთან, ამერიკელებისთვისაც.
ჩვენი ჰოლისტური სწავლება რაც გვაქვს, ანუ ციფრული პროფესია პლუს 20 ბიზნეს მოდული, რომელიც 21-ე საუკუნის წარმატების ფორმულას ქმნის, ეს კონცეფცია ამერიკის ბაზრისთვისაც ახალია. პროგრამირებასთან ერთად სტარტაპის კეთება, ინვესტიციების მოზიდვა, კომუნიკაციების დახვეწა და ა.შ საკმაოდ ინოვაციურია“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებლები.
ინფორმაციისთვის, re:school არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც 9-დან 15 წლამდე მოზარდები ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობენ და თანამედროვე შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ამასთან ერთად, კომპანია სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტის ავტორია.
