ტაშკენტში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის და უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. როგორც კომპანიიდან bm.ge-ს აცნობეს, გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს Reformatics-ის ექსპერტულ მხარდაჭერას უზბეკეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში 2040 წლამდე.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს Reformatics-ის მმართველმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა აზიზ აბდუხაკიმოვმა, სტრატეგიული რეფორმების სააგენტოს დირექტორმა ბახოდირ რაჰმატოვმა.
შეხვედრაზე განიხილეს უზბეკეთის ტურისტული სექტორის განვითარების პერსპექტივები.
Reformatics-ის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უზბეკეთს, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, რომელიც 2000 კმ-ის რადიუსში 21 ქვეყანაზე უზრუნველყოფს წვდომას, შეუძლია გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულება.
სტრატეგიის ძირითადი მიზნები მოიცავს უცხოელი ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდას და შიდა ტურიზმის 30 მილიონამდე ზრდას. ასევე, დაგეგმილია ტურიზმის წილის ზრდა ქვეყნის მშპ-ში 7%-მდე.
“მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს Reformatics-ის წარმომადგენლობის გახსნა ტაშკენტში, სადაც კომპანიის ექსპერტები ითანამშრომლებენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, ტუროპერატორებთან, ინვესტორებთან და სახელმწიფო ორგანოებთან”, – აცხადებენ Reformatics-ში.