Ray-Ban-ის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია (forbes.ge)
Ray-Ban-ის მწარმოებელი კომპანიის, EssilorLuxottica-ს აქციების ფასი დღეს, 17 ოქტომბერს, 14%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც მის საბაზრო ღირებულებას თითქმის $20 მილიარდი შემატა. ამის მიზეზი კი Meta-ს ხელოვნური ინტელექტის სათვალეების მიმართ გაზრდილი ინტერესია.
პარიზში რეგისტრირებულმა ჯგუფმა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ კომპანიის გაყიდვების წლიურმა ზრდამ 11.7% შეადგინა და 6.9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც EssilorLuxottica-სთვის საუკეთესო კვარტალური მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი სათვალეების ბიზნესი აქამდე EssilorLuxottica-ს მთლიანი შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა, ის ბოლო პერიოდში კომპანიაში ინვესტიციების კატალიზატორად იქცა. ეს კი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Ray-Ban Meta-ს დამსახურებაა, რომელზე მუშაობაც კომპანიებმა პანდემიამდე დაიწყეს.
EssilorLuxottica-ს ფინანსური დირექტორის, სტეფანო გრასის განცხადებით, AI-სათვალეებმა გაყიდვების ზრდაში ოთხ პროცენტულ პუნქტზე მეტი წვლილი შეიტანა, მოთხოვნამ კი წარმოების მოცულობის გეგმები დააჩქარა.
Barclays-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჭკვიანი სათვალე შეიძლება მობილური ტელეფონების შემდეგ ყველაზე რევოლუციური ინოვაცია გახდეს. მათი პვარაუდით, 2035 წლისთვის გლობალურად მისმა გაყიდვებმა შესაძლოა, 60 მილიონ ერთეულს მიაღწიოს.
forbes.ge
