„Raddison Blue Gudauri კომპანია „რედკოს“ აფერა იყო, რომელიც „რედისონის“ სახელს გაყიდვებისთვის იყენებდა“ – გეგა სალუქვაძე

„Raddison Blue Gudauri კომპანია „რედკოს“ აფერა იყო, რომელიც „რედისონის“ სახელს გაყიდვებისთვის იყენებდა“ – გეგა სალუქვაძე
Raddison Blue Gudauri – ის გუდაურში აშენება იყო, კომპანია „რედკოს“ აფერა, რომელიც ფაქტს, რომ თითქოს „რედისონი“ უნდა შესულიყო გუდაურში იყენებდა გაყიდვებისთვის“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ უთხრა.
მისი თქმით აღნიშნული შენობა იმდენად ცუდად ააშენა „რედკომ“, რომ „რედისონმა“ გუდაურში შესვლაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ქსელური ბრენდის სასტუმროებს, გეგა სალუქვაძე განმარტავს,რომ გუდაურში მხოლოდ Best western – ია წარმოდგენილი.
„Raddison Blue Gudauri კომპანია რედკოს აფერა იყო, რომელიც „რედისონის“ სახელს გაყიდვებისთვის იყენებდა და ამბობდა, რომ გუდაურში რედისონი უნდა აშენებულიყო, თუმცა ეს შენობა იმდენად უხარისხოდ აშენდა, რომ რედისონმა გუდაურში შესვლაზე უარი თქვა.
ერთადერთ საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც გუდაურშია წარმოდგენილი არის Best western, სხვა ბრენდები იქ არ არიან. გუდაურში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ საერთაშორისო ბრენდი დაინტერესდეს და სასტუმრო ააშენოს. გუდაური ძალიან რთულ რელიეფზეა გაშენებული, დიდ ქსელურ სასტუმროებს სჭირდებათ მისასვლელი, საპარკინგე ტერიტორია, ქსელებს თავისი სტანდარტები აქვს და ამ სტანდარტებს ბევრი ვერ დააკმაყოფილებს. არასწორად მიდის განაშენიანება, რომელი ცნობილი ბრენდი დაინტერესდება ამით. თვალითაც, რომ შეხედო, რომელ „რედისონზეა“ საუბარი. Best western – ის ხელმძღვანელს დიდი ნერვები დაუჯდა , რომ მისი ბრენდი წარმოდგენილი ყოფილიყო გუდაურში და რამხელა მოთხოვნები ჰქონდათ, რომ საპარკინგე სივრცე და რიგი საკითხები ყოფილიყო მოწყობილი“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტი მალხაზ კუნელაური 2021 წლის მარტში საუბრობდა, რომ მშენებლობა სრულად დასრულდა, ფასადი შეიმინა და შიდა სამუშაოები იყო დარჩენილი, თუმცა „რედისონ ბლუ გუდაურის“ გახსნა გადაიდო.
„რედისონ ბლუ გუდაური“ აშენებულია, მთლიანი შენობა დასრულებულია, მოქცეულია სახურავის ქვეშ, აქვს ფასადი და შემინულია, ახლა დასასრულებელია შიდა სამუშაოები. მის გახსნას წელსაც ვგეგმავდით, მაგრამ სამუშაოების ტემპი შევანელეთ იმიტომ, რომ ტურისტული თვალსაზრისით ასეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში . ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. ასეთი მსხვილი სასტუმროს გახსნა მიზანშეწონილია იმ პერიოდისთვის, როცა ტურისტი შეძლებს დასვენებას, წელს არ გაიხსნება,“ – აცხადებდა მალხაზ კუნელაური.
მოგვიანებით 2022 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ბლოქსი“ აცხადებდა, რომ სასტუმრო რედისონის შენებლობას თვითონ გააგრძელებდა.
„ბლოქსი” გუდაურში 70 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროსთან ერთად კომპანია სამთო კურორტისთვის სპეციალურად შექმნილ აპარტამენტების პროექტსაც შემოგვთავაზებს, რომელიც ასევე საერთაშორისო ბრენდ “რედისონის” მართვის ქვეშ იქნება და მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. პროექტზე “ხმალაძე არქიტექტორების” გამოცდილი გუნდი მუშაობს.“ – აცხადებდა სამშენებლო კომპანია „ბლოქსი“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ 2023-2025 წლების განმავლობაში ქვეყანაში 22 მსხვილი სასტუმროს გახსნა იყო დაგეგმილი, მათ შორის Radisson Blu Gudauri 2023 წელს უნდა დასრულებულიყო.