Qantas-ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისი 19 საათზე მეტხანს გაგრძელდება

ავსტრალიის ეროვნული ავიაკომპანია, Qantas მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისის შექმნაზე მუშაობს, რომელიც 19 საათზე მეტხანს გაგრძელდება.
ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
ავიაკომპანიის პროექტ Project Sunrise-ის ფარგლებში პირდაპირი რეისების შემოღება სიდნეის, ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის იგეგმება. ფრენა ამ რეისებზე 19-დან 22 საათამდე გაგრძელდება, რამაც ამჟამინდელი რეკორდსმენის, სინგაპურის ავიახაზების ფრენის ხანგრძლივობას უნდა გადააჭარბოს.
Qantas სიდნეიდან ლონდონსა და ნიუ-იორკში ფრენებისთვის Boeing 777X-ის გამოყენებას განიხილავდა, თუმცა საბოლოო შეკვეთა გააფორმა Airbus A350-1000-ის სპეციალურად ადაპტირებულ ათეულობით თვითმფრინავზე, რომლებსაც 2026 წლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.
თვითმფრინავები, დაახლოებით, 238 მგზავრის გადაყვანას შეძლებენ. პირველი კლასის ბილეთების სერვისში შედის ფართო სტაციონარული საწოლი, გასაშლელი მექანიზმის მქონე სავარძელი, პერსონალური კარადა, 32-დიუმიანი ტელევიზორი და სასადილო/სამუშაო მაგიდა ორი ადამიანისთვის.
ბორტზე პრემიუმ-ეკონომ კლასის 40 ადგილი და 140 ეკონომიური ადგილი იქნება.
Qantas-ის ცნობით, დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქ პერტიდან ევროპაში მოქმედი 17-საათიანი გრძელვადიანი რეისები კარგად სრულდება, რითაც პროექტ Project Sunrise-ის ნდობა იზრდება.
ცნობისთვის: სიდნეიდან ლონდონსა და ნიუ-იორკში ულტრახანგრძლივი უწყვეტი რეისებისთვის თვითმფრინავის სალონი Qantas-მა 2023 წლის ივნისში წარადგინა.