“Q1-ში ჯგუფის მასშტაბით 3%-იანი კლება გვაქვს” – “ჯიტექსის” CEO მიზეზებზე

“მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Gtex-ის ჯგუფში შემავალ 7 ბრენდში, ჯამურად, გაყიდვების 3%-იანი კლება ფიქსირდება”, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა კაპანაძემ BMG-სთან ისაუბრა და “ჯიტექსის” 2025 წლის გეგმები შეაჯამა.

როგორც ის აღნიშნავს, გაყიდვებზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და არასტაბილური ვითარება აისახა, რის გამოც წინასწარი პროგნოზების გაკეთებაც გართულებულია. ანა კაპანაძის თქმით, სწორედ ამიტომ, “ჯიტექსის” ამოცანაა, მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, ზრდა გააგრძელოს.

“პირველი კვარტალი შარშანდელს რომ შევადაროთ, გვაქვს ჯგუფის მასშტაბით 3%-იანი კლება, თუმცა ჩვენი ძალისხმევით, ახალი მაღაზიების გახსნით, ოდნავ ვზრდით შარშანდელ მაჩვენებლებს. რასაკვირველია, ვაკვირდებით ვითარებას, ტურისტების შემოდინებას, რომელიც საკმაოდ შემცირებულია… ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მიმართულება, ავეჯი თუ ტანსაცმელი, რაც პორტფელში გვაქვს, უფრო მეტად არის აქტიური, ფაქტობრივად ერთი და იგივე ზეგავლენა აქვს [მიმდინარე მოვლენებს] ორივე სახის პროდუქციაზე.

2025 ისეთი წელია, როცა ძალიან ჭირს კონკრეტული პროგნოზები. საინტერესო გეგმები გვქონდა, ბევრ საინტერესო ბრენდს ველაპარაკებოდით, რომლებსაც ბაზარზე შემოსვლის მზაობა ჰქონდათ, არსებულ ბრენდებსაც ჰქონდათ უფრო აგრესიული ზრდის სურვილი, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პროცესები შენელდა. ზოგი ბრენდი პირდაპირ აცხადებს, რომ ელოდება ვითარების დასტაბილურებას და აკვირდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, თუმცა ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ბიზნესმა მაინც თავის საქმეს უნდა მიხედოს, გარემოებები ყოველთვის იცვლება, ხან უკეთესობის, ხან უარესობისკენ და ბიზნესის მთავარი ამოცანაა, ჩვენი საქმე ვაკეთოთ – მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია”, – განაცხადა ანა კაპანაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში “ჯიტექსი” ზრდას აგრძელებს და “კიაბის” ახალ ფილიალსაც ხსნის.

“ზუსტად ამას აკეთებს “ჯიტექსი” და დღეს “კიაბის” დიდ ფილიალს ვხსნით ბათუმში. პარალელურად, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს უცხოურ ბრენდთანაც.. ვფიქრობთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, წელს კიდევ ერთ ახალ ბრენდს შემოვიყვანთ ბაზარზე. თუმცა აგრესიულ განვითარებაზე ნამდვილად უარი ვთქვით. უშუალოდ ბრენდებისგან წამოვიდა ეს მესიჯი, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა მოლაპარაკებები არ გაგვიჩერებია.

2025 წელს აქცენტს უფრო მეტად გავაკეთებთ ჩვენი არსებული ბრენდების გაძლიერებაზე, დახვეწაზე, მაღაზიების განახლებაზე, უფრო არსებული პორტფელის გაძლიერებაზე და მოქნილობის გაჩენაზე, ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, რომ ცვლილებებს მზად დავხვდეთ”, – განაცხადა ანა კაპანაძემ.

“ჯიტექსი”, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს, დღეს ბაზარზე 7 საერთაშორისო ბრენდის 30-ზე მეტი ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიის პორტფელში შემავალი ბრენდებია: Kiabi, Matalan, Penti, Enza Home, Terranova, English Home, OVS.